LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში მსოფლიოში პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარების მანქანა შექმნეს

127
ქირიას NEWS შაბლონი

ნიდერლანდებში სტუდენტებმა მსოფლიოში პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარების მანქანის პროტოტიპი შექმნეს. ავტომობილს Stella Vita-ს სახელწოდებით, ელექტროენერგიის გამომუშავება თავად შეუძლია და მისი მიზანი ისეთ ადგილებში მისვლაა, სადაც დამტენ ინფრასტრუქტურაზე წვდომა შეზღუდულია.

პროექტზე ნიდერლანდელი სტუდენტები მუშაობდნენ და მანქანა აღჭურვილია 542 მზის ელემენტით, რომლებიც განთავსებულია სახურავსა და საბარგულის ნაწილზე. დამატებითი მზის პანელები ავტომობილის გაჩერებისას იშლება და მზის ენერგიის მისაღებ ზედაპირს ზრდის.

სასწრაფო დახმარების მანქანას 50 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეა აქვს. შემქმნელების განცხადებით, სრულად დამუხტული ბატარეით ავტომობილს ნორმალურ გზებზე 715 კილომეტრამდე გავლა შეუძლია. ამასთან, მზის ენერგია არა მხოლოდ გადაადგილებისთვის, არამედ სამედიცინო აღჭურვილობისა და მანქანის შიდა სისტემების მუშაობისთვისაც გამოიყენება.

Stella Juva-ს კონცეფცია განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვისაა საინტერესო, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევთ მუშაობა დასამუხტი სადგურებისგან მოშორებით. მზის ენერგიის გამოყენება საშუალებას იძლევა, ავტომობილმა გზაში ან გაჩერებისას დამატებითი ელექტროენერგია გამოიმუშაოს და გარე ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულება შეამციროს.

ავტომობილი მხოლოდ გადაადგილებისთვის არ არის შექმნილი. მასში შესაძლებელია სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის რენტგენული მოწყობილობის განთავსება, რაც პროექტს განსაკუთრებით საინტერესო ხდის საგანგებო და რთულად მისადგომი რეგიონებისთვის.

პროექტი ამ ეტაპზე პროტოტიპია და მისი მიზანი მასობრივი წარმოების დაუყოვნებლივ დაწყება არ არის. თუმცა, ის აჩვენებს, როგორ შეიძლება მზის ენერგიისა და ელექტრომობილობის ტექნოლოგიების გამოყენება ისეთ სფეროში, სადაც ავტომობილის ენერგოეფექტურობა მხოლოდ ხარჯების შემცირებას კი არა, სამედიცინო დახმარების უწყვეტ მიწოდებასაც უკავშირდება.

თუ ტექნოლოგია პრაქტიკაში გაამართლებს, მსგავსი ავტომობილები მომავალში შესაძლოა განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდეს შორეულ დასახლებებში, სტიქიური უბედურებების ზონებსა და იმ რეგიონებში, სადაც ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა არასაკმარისია.