Tesla-მ ახალი თაობის Roadster-ის პრემიერის ზუსტი თარიღი დაასახელა. კომპანიის ინფორმაციით, დიდი ხნის განმავლობაში გადადებული ელექტრო სუპერ ავტომობილი ოფიციალურად 2026 წლის 1-ელ ოქტომბერს წარდგება.
ახალი Roadster-ის დებიუტს ავტომწარმოებელი წლებია აანონსებს. მოდელის პროტოტიპი პირველად ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში წარადგინეს, თუმცა სერიულ წარმოებამდე მისვლა არაერთხელ გადაიდო. ახლა Tesla აცხადებს, რომ საბოლოოდ ავტომობილის სრულფასოვან პრემიერას გეგმავს.
Tesla-მ პრემიერის დასაანონსებლად სპეციალური ტიზერიც გამოაქვეყნა წარწერით „Go for launch“. ახალი Roadster-ის კონცეფცია თავიდანვე დაკავშირებული იყო მაღალი წარმადობისა და კოსმოსური ტექნოლოგიების იდეასთან, ხოლო ილონ მასკს წარსულში არაერთხელ უხსენებია SpaceX-ის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დამატებითი ამაჩქარებლების გამოყენების შესაძლებლობაც.
2017 წელს წარმოდგენილი კონცეპტის მიხედვით, Roadster ოთხადგილიან ელექტრო სპორტქარად იყო ჩაფიქრებული და Tesla მას კომპანიის ყველაზე სწრაფ ავტომობილად პოზიციონირებდა. მოდელის მთავარი დაპირება უკიდურესად სწრაფი აჩქარება და მაღალი დინამიკური მაჩვენებლებია.
ახალი Roadster-ის გარშემო მოლოდინი განსაკუთრებით დიდია იმის გამო, რომ მისი დებიუტიდან თითქმის ცხრა წელი გავიდა. Tesla-ს ხელმძღვანელობას არაერთხელ მოუწია პრემიერისა და წარმოების ვადების გადავადება, რის გამოც ავტომობილი უკვე ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად მოსალოდნელ ახალ მოდელად იქცა.
ამ ეტაპზე Tesla ჯერ კიდევ არ ავრცელებს სრულ ტექნიკურ მონაცემებსა და სერიული ვერსიის საბოლოო სპეციფიკაციებს. სწორედ ამიტომ, 1-ელი ოქტომბრის პრეზენტაციაზე მთავარი ყურადღება ავტომობილის რეალურ შესაძლებლობებს, აჩქარების მაჩვენებლებს, სავარაუდო ფასსა და წარმოების დაწყების ვადებს დაეთმობა.