LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ელექტრო სატვირთოებზე რეკორდული შეკვეთა მიიღო – 2 500 მანქანა

128
ქირიას NEWS შაბლონი (6)

Tesla-მ ელექტრო სატვირთო ავტომობილებზე ისტორიაში ყველაზე დიდი შეკვეთა მიიღო. ZET SCALE-ის სახელით შექმნილმა გადამზიდავებისა და მსხვილი კომპანიების ალიანსმა ჯამში 2 500 ელექტრო Class 8 სატვირთო ავტომობილის შეძენა გადაწყვიტა და მთავარ მიმწოდებლად Tesla შეირჩა.

ZET SCALE-ის პროგრამაში მონაწილეობენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიც არიან Microsoft და PepsiCo. ალიანსის მიზანია ელექტრო სატვირთოების ფართომასშტაბიანი დანერგვა და მომავალში მათი რაოდენობის 10 ათასზე მეტ ერთეულამდე გაზრდა.

მნიშვნელოვანია, რომ 2 500 ავტომობილი მთლიანად Tesla Semi არ იქნება. Tesla მთავარი, ე.წ. პირველადი მწარმოებელია, ხოლო შეკვეთაში დამატებით Kenworth, Volvo და RIDE-იც მონაწილეობენ. თუმცა Tesla-ს განცხადებით, კომპანიას ამ პროგრამის ფარგლებში 2 500 Semi-ის შეკვეთა აქვს მიღებული.

შეკვეთილი ელექტრო სატვირთოები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის 10 ძირითად სატვირთო ჰაბში განაწილდება. მათ შორისაა ლოს-ანჯელესი, ჰიუსტონი, დალასი, ჩიკაგო, ატლანტა და ნიუ-იორკ-ნიუარკის რეგიონი.

ეს შეთანხმება Tesla-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია სწორედ ახლა იწყებს Semi-ის მასობრივ წარმოებას. ახალი ქარხანა ნევადის შტატში წელიწადში 50 ათასი Semi-ის წარმოებაზეა გათვლილი. ამ კვირაში Tesla-მ პირველი მომხმარებლებისთვის ელექტრო სატვირთოების მიწოდებაც დაიწყო.

Tesla Semi-ის Long Range ვერსიას ერთი დამუხტვით დაახლოებით 805 კილომეტრის გავლა შეუძლია, ხოლო Standard Range-ის სავალი მარაგი დაახლოებით 523 კილომეტრია. კომპანიის ინფორმაციით, ავტომობილი შექმნილია მძიმე ტვირთების შორ მანძილზე გადასაზიდად.

ახალი რეკორდული შეკვეთა Tesla-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მანამდე კომპანიის ყველაზე მსხვილ საჯაროდ ცნობილ შეკვეთად 500 Semi-ის შეძენა ითვლებოდა, რომელიც შვედურმა Einride-მ გამოაცხადა. ახალი პროგრამის მასშტაბი ამ მაჩვენებელზე დაახლოებით ხუთჯერ მეტია.

Tesla Semi-ის კომერციული ისტორია 2017 წელს დაიწყო, როდესაც კომპანია ელექტრო სატვირთოს პროტოტიპი პირველად წარადგინა. პირველი შეზღუდული მიწოდებები მომხმარებლებისთვის 2022 წელს დაიწყო, თუმცა მასობრივი წარმოება რამდენჯერმე გადაიდო. ახლა კომპანია წარმოების გაფართოებასა და მსხვილი კორპორაციული მომხმარებლების მოზიდვაზე გადადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები