Volkswagen-ი მსოფლიოს მასშტაბით 2,1 მილიონზე მეტ ავტომობილს გაიწვევს, რადგან საჭის მექანიზმის სამაგრ ჭანჭიკზე კოროზიის წარმოქმნის რისკი აღმოაჩინეს. პრობლემამ შესაძლოა ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ საჭის სისტემის დაზიანება და უკიდურეს შემთხვევაში, ავტომობილზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვიოს.
გაწვევა ეხება Golf, Golf Variant, Tiguan, Touran და Caddy მოდელებს, რომლებიც 2013 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდშია წარმოებული. გერმანიაში ამ კამპანიაში დაახლოებით 900 ათასი ავტომობილია ჩართული.
პრობლემა დაკავშირებულია საჭის მექანიზმის სამაგრში ტენის მოხვედრასთან. დროთა განმავლობაში ამან შესაძლოა ჭანჭიკის კოროზია გამოიწვიოს. თუ დეტალი დაზიანდა, საჭის მექანიზმის კორპუსიც შეიძლება დაზიანდეს, რაც ყველაზე მძიმე შემთხვევაში საჭის ფუნქციის სრულ დაკარგვას გამოიწვევს.
გერმანიის ავტომობილების ფედერალურმა უწყებამ (KBA) პრობლემა უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დეფექტად შეაფასა და გაწვევის პროცესს კონტროლს უწევს. Volkswagen-ის განცხადებით, კამპანია პრევენციული ხასიათისაა და ამ დროისთვის დეფექტთან დაკავშირებული ავარიების, დაზიანებების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

სერვისცენტრებში პრობლემურ ჭანჭიკს უფრო მდგრადი მასალისგან დამზადებული დეტალით შეცვლიან. Volkswagen-ის ინფორმაციით, სამუშაოს შესრულებას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება და მომხმარებლებისთვის მომსახურება უფასო იქნება. ავტომობილის მფლობელებს გაწვევის შესახებ პირდაპირ აცნობებენ, ხოლო კონკრეტული მანქანის შემოწმება VIN-ნომრით იქნება შესაძლებელი.
მსგავსი პრობლემა Volkswagen-ის ავტომობილებზე აშშ-შიც გამოვლინდა. იქ სექტემბერში გამოცხადებული კამპანია დაახლოებით 208 ათას ავტომობილს შეეხო, მათ შორის 2018 წლის Tiguan-სა და 2018–2019 წლების Atlas-ს, ასევე 2019–2021 წლების Audi Q3-ს.
ამასთან, Volkswagen Group-ის მასშტაბით გაწვევის კამპანია კიდევ უფრო ფართოა: Reuters-ის ინფორმაციით, Volkswagen-ისა და Audi-ს გარდა, პრობლემასთან დაკავშირებული კამპანია Skoda-სა და Seat-ის ავტომობილებსაც მოიცავს და ჯგუფის მასშტაბით დაახლოებით 4 მილიონ მანქანას შეეხება.