„როდესაც შენ არ ემსახურები შენს ქვეყანას, შენს ხალხს და შენი ქმედებები განპირობებულია გარე დავალებებით, კონკრეტული მითითებებით და არ იცავ ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ხალხის მხარდაჭერა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კალაძე გამოეხმაურა IRI-ის კვლევის შედეგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„კვლევაც არ სჭირდება, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ და რეალურად დაინახონ ის ვითარება, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება და თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ყველაფერი ნათელია. როდესაც შენ არ ემსახურები შენს ქვეყანას, შენს ხალხს და შენი ქმედებები განპირობებულია გარე დავალებებით, კონკრეტული მითითებებით და არ იცავ ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ხალხის მხარდაჭერა.
ის ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციად არიან წარმოდგენილნი, რეალურად, ვიცით, რომ არიან აგენტურის წარმომადგენლები. ჰყავთ თავიანთი პატრონები საზღვრებს გარეთ და ცდილობენ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში, გაატარონ თავიანთი პატრონების, ანუ გარე ძალების ინტერესები. მაგრამ ეს არ გამოუვათ. არ გამოუვათ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს, რეალურად აფასებს სიტუაციას, რეალურად აფასებს გამოწვევებს, თუნდაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და იღებს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.
