LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი „რუხი“ ავტო ექსპორტის წინააღმდეგ გამკაცრებულ ბრძოლას იწყებს – ახალი ავტომობილების ექსპორტს მკაცრად გააკონტროლებენ

116
ქირიას NEWS შაბლონი (6)

ჩინეთის ხელისუფლებამ ავტომობილების ექსპორტის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა. ქვეყნის რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ ახალი მოთხოვნები დაამტკიცა, რაც ავტომობილებისა და მოტოციკლების საზღვარგარეთ გატანის ლიცენზიის მიღებას ართულებს. ცვლილებების მთავარი მიზანი ე.წ. „რუხი ექსპორტის“ შეზღუდვა და ჩინური ავტომობილების საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვის უფრო მკაცრი კონტროლია.

ახალი წესები როგორც ავტომწარმოებლებს, ისე ავტომობილების ექსპორტით დაკავებულ სავაჭრო და კომერციულ კომპანიებს შეეხება. ლიცენზიის განაცხადის შეტანა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი და კომპანიებს დადგენილი ვადების მკაცრად დაცვა მოუწევთ. ამასთან, ექსპორტიორმა უნდა დაადასტუროს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ავტომობილს აგზავნის, შესაბამისი ტექნიკური მომსახურების ქსელი გააჩნია.

კომპანიებს უკვე კონკრეტული სერვისცენტრების შესახებ ინფორმაციის წარდგენაც მოუწევთ, მათ შორის თანამშრომლების კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემების. მსხვილ ჩინურ ავტომწარმოებლებს კი უცხოურ ბაზრებზე მინიმუმ 50 სერვისცენტრის არსებობა მოეთხოვებათ. ეს მოთხოვნა იმპორტირებულ ავტომობილებზე შემდგომი მომსახურების პასუხისმგებლობის გაზრდას ემსახურება.

ჩინეთის ხელისუფლება ასევე ებრძვის პრაქტიკას, როდესაც ფაქტობრივად ახალი ავტომობილები ქვეყანაში რეგისტრირდება და შემდეგ „მეორადი ავტომობილების“ სტატუსით საზღვარგარეთ გადის. ასეთი მანქანები ხშირად თითქმის საერთოდ არ არის გამოყენებული, თუმცა ექსპორტის დოკუმენტებში მეორად ავტომობილებად ფიქსირდება. Reuters-ის ინფორმაციით, მსგავსი ე.წ. „ნულოვანი გარბენის“ ავტომობილების ექსპორტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ჩინეთში მოქმედებს დამატებითი შეზღუდვაც: თუ ავტომობილის პირველი რეგისტრაციიდან ექსპორტამდე 180 დღეზე ნაკლებია გასული, მის გასატანად მწარმოებლის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტია საჭირო. მასში უნდა იყოს მითითებული საექსპორტო ქვეყანა, ავტომობილის მონაცემები და შესაბამის ქვეყანაში არსებული სერვისის ქსელი. დოკუმენტს თავად მწარმოებლის ოფიციალური დამოწმება უნდა ჰქონდეს.

ეს ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბაზრებისთვის, სადაც ჩინური ავტომობილები ბოლო წლებში აქტიურად შევიდა. ჩინეთიდან ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გადის რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ისეთი სქემებით, რომლებიც ოფიციალური სადილერო ქსელის გვერდის ავლით მუშაობს.

ახალი რეგულაციები ჩინური ავტომწარმოებლების მიერ უცხოურ ბაზრებზე ფასების აგრესიულად შემცირების პრობლემასაც უკავშირდება. ექსპორტიორებს სპეციალურ საგარანტიო დოკუმენტში უნდა ჰქონდეთ დადასტურებული, რომ არ გამოიყენებენ არაკეთილსინდისიერ კონკურენტულ უპირატესობას, მათ შორის ფასების მანიპულაციას.

ექსპერტების შეფასებით, ახალი მოთხოვნები ექსპორტიორების ნაწილს ბაზრიდან გასვლას აიძულებს, რადგან მათ მწარმოებლის მხარდაჭერისა და ოფიციალური სერვისის ქსელის უზრუნველყოფა გაუჭირდებათ. შედეგად, ჩინეთიდან ზოგიერთი ახალი ავტომობილის მიწოდება შესაძლოა გაძვირდეს ან უფრო ხანგრძლივი გახდეს.

ჩინეთისთვის ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ავტომწარმოებლები გლობალურ ბაზარზე სწრაფად ფართოვდებიან. ხელისუფლება ცდილობს, ექსპორტის ზრდასთან ერთად გააკონტროლოს მანქანების ხარისხი, საგარანტიო მომსახურება და ფასების პოლიტიკა, რათა ჩინური ავტომობილების საერთაშორისო რეპუტაცია და ბაზარზე კონკურენცია უფრო სტაბილური გახდეს.