26 სექტემბერს ჯაზ-კლუბ „თათუზაში“ მომღერალმა თათა ოქრუაშვილმა სოლო კონცერტი გამართა, რომელიც R&B-ის, სოულისა და ჯაზის ჟღერადობას აერთიანებდა. საღამოს მუსიკალური პროგრამა აჩვენებდა მომღერლის ვოკალურ მრავალფეროვნებას და იმ მუსიკალურ მიმართულებებს, რომლებშიც ის საკუთარ ინდივიდუალურ სტილს ქმნის.
მასთან ერთად სცენაზე ქართველი მუსიკოსები: ლუკა თოფურია, ხატია ქორიძე, საბა ქასრაშვილი და დემნა ამაშუკელი წარდგნენ. ცოცხალი ინსტრუმენტული შესრულება და ვოკალზე დაფუძნებული პროგრამა კონცერტის მთავარ მუსიკალურ ხაზს ქმნიდა.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური ეპიზოდი რუსა მორჩილაძის სიმღერის — „იების“ — ინგლისური ვერსიის შესრულება იყო. ეს კომპოზიცია თათას შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მომღერალი წარსულში ჯგუფ The Quintessence-ის წევრი იყო და სწორედ ამ სიმღერის
სოლოს ასრულებდა ჯგუფში.

წლების შემდეგ „იების“ ინგლისურენოვანი ვერსიის სოლო სცენაზე შესრულებამ კომპოზიციას ახალი კონტექსტი შესძინა. სიმღერა, რომელიც ჯგუფთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მუსიკალურ პერიოდს წარმოადგენს, ამჯერად მისი სოლოპროგრამის ნაწილი გახდა.
„თათუზაში“ ლაივის კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი იყო „პარადოქსი”- თათას დის, ნათია ოქრუაშვილის მიერ შექმნილი საავტორო სიმღერა. კომპოზიციამ მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და საღამოს პროგრამაში პირადი და საავტორო მუსიკის ხაზიც გამოკვეთა.
თათა ოქრუაშვილისთვის „თათუზას“ სცენა სოლო მუსიკალური გზის გაგრძელებაა. მისი პირველი სოლო კონცერტი „არტერიაში“ გაიმართა, რის შემდეგაც მომღერალმა სოლოპროგრამაზე მუშაობა განაგრძო და საკუთარი მუსიკალური ხედვა სხვადასხვა ჟანრის – ჯაზის, სოულისა და R&B-ის შერწყმით განავითარა. 26 სექტემბერს
„თათუზაში“ გამართული კონცერტი თათას პირადი მუსიკალური გზის კიდევ ერთი მნიშვნელოვან ეტაპად იქცა.
