Toyota-მ და Isuzu-მ ახალი თაობის წყალბადზე მომუშავე საქალაქო ავტობუსი Sora წარადგინეს. მოდელი იაპონიაში უკვე გამოუშვეს და ის ორივე კომპანიის ერთობლივი განვითარების შედეგია – Isuzu-მ ავტობუსის პლატფორმა შექმნა, Toyota-მ კი წყალბადის საწვავის უჯრედების სისტემა შეიმუშავა.
ახალი Sora წყალბადის საწვავის უჯრედებით მუშაობს. სისტემა წყალბადისა და ჰაერიდან მიღებული ჟანგბადის ქიმიური რეაქციის შედეგად ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც ელექტროძრავებს ამუშავებს. შესაბამისად, მოძრაობის დროს ავტობუსი CO₂-ს არ გამოყოფს და გამონაბოლქვად ძირითადად წყალი წარმოიქმნება.
ავტობუსს ორი ელექტროძრავი აქვს, რომელთა ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე 220 კილოვატს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური ბრუნვის მომენტი – 970 ნიუტონმეტრს. წყალბადის ავზების საერთო მოცულობა 471 ლიტრია და ისინი 70 მეგაპასკალის წნევაზე მუშაობენ.

Toyota-ს ინფორმაციით, ახალი მოდელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სვლის გაზრდილი მარაგია. ავტობუსი ერთი სრული ავზით 300 კილომეტრზე მეტს გაივლის, რაც წინა თაობასთან შედარებით დაახლოებით 100 კილომეტრით უკეთესი მაჩვენებელია. ამის მიღწევა წყალბადის ხარჯვისა და ენერგიის გამოყენების ოპტიმიზაციით გახდა შესაძლებელი.
წყალბადის სრულად შევსებას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. Toyota აღნიშნავს, რომ მომავალში, უფრო სწრაფი დასამუხტი ინფრასტრუქტურის გავრცელების შემთხვევაში, ეს დრო შესაძლოა დაახლოებით განახევრდეს.

Sora-ს ახალი თაობა უსაფრთხოების დამატებით სისტემებსაც მიიღებს. მათ შორის არის მძღოლის მდგომარეობის მონიტორინგთან დაკავშირებული Emergency Driver Stop System, რომელიც პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ავტობუსს ანელებს, აჩერებს და ავტომატურად ააქტიურებს სადგომ მუხრუჭს. ასევე დამონტაჟებულია წინა ბრმა ზონის მონიტორინგის სისტემა, რომელსაც ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტების აღმოჩენა შეუძლია.
სამგზავრო სივრცე სრულად ბრტყელი იატაკით არის შექმნილი, ამიტომ ავტობუსში გადაადგილება უფრო მარტივია როგორც ეტლით მოსარგებლეებისთვის, ისე საბავშვო ეტლით მგზავრებისთვის. მოდელი ოთხ ვარიანტში იქნება ხელმისაწვდომი – ორი საქალაქო და ორი საგარეუბნო გამოყენებისთვის, სავარძლების განსხვავებული განლაგებით.