LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ვიცოდი ნერვიულობა რა იყო, მაგრამ შვილის ფაქტორი ყოფილა საშინელება… იყო პერიოდი, როცა დილის 5-6 საათამდე ქუჩაში მეძინა…“ – თათია სულუაშვილი განვლილ რთულ პერიოდზე

523
TaTia suluaSvili

მსახიობი თათია სულუაშვილი გადაცემაში „პირველი სტუდია“ მისი შვილის, დათას, აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმის პერიოდს იხსენებს. როგორც მსახიობი ამბობს, ამ ეტაპის გავლა მისთვის განსაკუთრებით რთული იყო.

„ბევრი წლის წინ, როდესაც ჩემი შვილი დათა წლინახევრის იყო, მას აუტისტური სპექტრი დაუდგინდა. ძალიან რთული იყო ამ დიაგნოზის მოსმენა, როდესაც არ გაქვს ინფორმაცია, არ იცი, რა არის აუტისტური სპექტრი და როგორ უნდა გაუმკლავდე ამ სირთულეს. თან ამ დროს მსახიობი ხარ, ეს ძალიან დამეხმარა. ის, რომ ეკრანზე ადამიანები გელოდებიან და ეკრანს მიღმა ადამიანები უნდა გააცინო, ნიშნავს, რომ არ გაქვს უფლება მოიწყინო. ამ დროს კი ურთულესი პრობლემა გაქვს, რომელიც შენს შვილს ეხება.

მანამდე არც ვიცოდი, ნერვიულობა რა იყო. არ არსებობდა პრობლემა, რომელიც მე მომერეოდა, მაგრამ ეს შვილის ფაქტორი ყოფილა საშინელება, როდესაც არ იცი, რა გააკეთო. ეს არ არის მედიკამენტოზური მკურნალობა, რომ იყიდო წამალი, გადაიხადო ათასები, დაალევინო, გადააფრინო თურქეთში, გაუკეთო ოპერაცია და ამით გამოაჯანმრთელო.

დათა საკმაოდ პატარა იყო, ცხრა თვის, როდესაც რაღაც არ მომეწონა. არ იყო ბავშვი კარგად. ვიფიქრე, რომ კბილები ამოსდიოდა და ამიტომ ტიროდა, მაგრამ გახდა წელიწად-ნახევრის და ის სიტყვები, რაც იცოდა – „დედა“, „მამა“, „ბაბუა“ – ყველაფერი დაავიწყდა. დაძახებაზე რეაქცია არ ჰქონდა, საერთოდ არ ჰქონდა შიშის ფაქტორი, ფუნქციური ნივთის აღქმა არ ჰქონდა, ჩემზე რეაქციაც კი არ ჰქონდა.

საკმაოდ პატარა იყო და მითხრეს, რომ თუ ამაზე ვეჭვობდით, ამ ასაკში დიაგნოზი არ ისმეოდა, დიაგნოზი სამი წლიდან ისმეოდა… ფსიქიატრმა მითხრა, რომ იყო აუტისტური სპექტრის ნიშნები.
დავიწყე ინფორმაციის მოძიება. მაშინ ჩემი ქმარი ამერიკაში იყო სამუშაოდ წასული.

ცხრა წელი ყოველდღე დავდიოდით თერაპიებზე. ჩემთვის არ არსებობდა ძილი. იყო პერიოდი, დილის ხუთ-ექვს საათამდე ქუჩაში მეძინა, იმიტომ რომ ძილი დარღვეული ჰქონდა, არ იძინებდა, სულ გარეთ უნდოდა, გარეთ იძინებდა. პლედმოხვეული ვიჯექი და ველოდებოდი, როდის ჩაეძინებოდა…

ახლა რომ ვიხსენებ, ეს პერიოდი ისევ რომ დამიდგეს, ალბათ, ვეღარ შევძლებ… დღეს დათა აღარ დადის თერაპიებზე 9 წლის შემდეგ, შედეგი მოიტანა… დღეს აღარ სჭირდება დათას თერაპიები, ჩვეულებრივ დადის სკოლაში, ფეხბურთზე, მეცადინეობს, ადამიანმა რომ შეხედოს, ვერც იტყვის ადამიანს ოდესღაც თუ ეს დიაგნოზი ჰქონდა…“, – ამბობს თათია სულუაშვილი.

იხილეთ ვრცლად გადაცემა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები