Aston Martin-მა მოტოციკლების სამყაროში ახალი ნაბიჯი გადადგა და AMB 002 Roadster წარადგინა – ბრენდის ისტორიაში პირველი მოტოციკლი, რომელიც საყოველთაო გზებზე გადაადგილებისთვის არის დაშვებული. პროექტი ბრიტანულ ავტომწარმოებელსა და მოტოციკლების მწარმოებელ Brough Superior-ს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაა.
მართალია, Aston Martin-ის სახელით მოტოციკლი პირველად 2019 წელს გამოჩნდა, თუმცა AMB 001 და მოგვიანებით AMB 001 Pro მხოლოდ ტრეკისთვის იყო განკუთვნილი და გზებზე მათი გამოყენება შეუძლებელი იყო. ახალი AMB 002 სწორედ ამით განსხვავდება – ის თავიდანვე საგზაო გამოყენების მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა.

მოტოციკლი აღჭურვილია 1.083 ლიტრიანი, წყლით გაგრილებადი V2 ძრავით, რომელიც დაახლოებით 130 ცხენის ძალას და 110 ნმ მომენტს გამოიმუშავებს.
AMB 002-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალი ტიტანის სპეციალური ჩარჩოა. მოტოციკლს 50:50 წონის განაწილება აქვს, ხოლო წინა ნაწილში გამოყენებულია Brough Superior-ის Fior-ის ტიპის საკიდარი ორმაგი ბერკეტებით.

მოტოციკლი მასობრივად არ იწარმოება. Aston Martin და Brough Superior სულ 300 ეგზემპლარის დამზადებას გეგმავენ, წარმოება კი საფრანგეთში, Brough Superior-ის საწარმოში განხორციელდება. პირველი მიწოდებები 2027 წლის მესამე კვარტალშია დაგეგმილი.
ფასი დაახლოებით 120 ათასი ევროა გადასახადებისა და ტრანსპორტირების ხარჯების გარეშე, რაც საბოლოო ღირებულებას კიდევ უფრო გაზრდის. ამ ფონზე AMB 002 აშკარად არა მასობრივი ბაზრისთვის, არამედ კოლექციონერებისა და ულტრა-პრემიუმ მოტოციკლების მოყვარულებისთვის შექმნილი პროდუქტია.