LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასობით Land Rover-სა და Range Rover-ზე ძრავის გათიშვის რისკი აღმოაჩინეს

114
ქირიას NEWS შაბლონი

Jaguar Land Rover რამდენიმე მოდელის მასშტაბურ გაწვევას აცხადებს, რადგან ავტომობილებში გამოვლინდა პრობლემა, რომელმაც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა ძრავის მუშაობის შეწყვეტა და ავტომობილის მამოძრავებელი ძალის დაკარგვა გამოიწვიოს. პრობლემა დაკავშირებულია DC-DC კონვერტერთან, რომელიც ავტომობილის ელექტროსისტემის მუშაობისთვის აუცილებელია.

კომპანიის ინფორმაციით, ხარვეზის მიზეზი ელექტრონულ კომპონენტებს შორის დატვირთვის არასწორი გადანაწილებაა, რაც პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომით არის გამოწვეული. კონვერტერის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში 12 ვოლტიანი აკუმულატორი სათანადოდ ვეღარ დაიმუხტება.

თუ პრობლემა ავტომობილის მოძრაობის დროს წარმოიქმნა და მძღოლი გამაფრთხილებელ შეტყობინებას არ გაითვალისწინებს, ელექტრონულმა სისტემამ შესაძლოა გადაცემათა კოლოფი ნეიტრალურ რეჟიმში გადაიყვანოს, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ძრავაც გამორთოს. ელექტროენერგიის დეფიციტის გამო შესაძლოა გარე განათების სისტემებმაც შეწყვიტოს მუშაობა, რაც ავარიის რისკს ზრდის.

პრობლემა სხვადასხვა მოდელს შეეხო. გაწვევის კამპანიაში მოხვდა Range Rover, Range Rover Sport, Range Rover Velar და Range Rover Evoque, ასევე Land Rover Defender, Discovery და Discovery Sport. Jaguar-ის მხრიდან სერვისში მისვლა F-Pace-ისა და E-Pace-ის მფლობელებსაც მოუწევთ.

აშშ-ში თავდაპირველ გაწვევა თითქმის 24 ათას ავტომობილს შეეხო. JLR-ს ამ ხარვეზთან დაკავშირებით ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 400 შეტყობინება ჰქონდა მიღებული. უფრო ფართო ჩრდილოამერიკული კამპანიის ფარგლებში კი აშშ-ში 170 169 ავტომობილის გაწვევაა დადასტურებული.

მსგავსი პრობლემა კანადაშიც ოფიციალურად დაფიქსირდა. Transport Canada-ს მონაცემებით, შესაბამისი კამპანია გარკვეულ 2019–2024 წლის Range Rover, Range Rover Sport, Defender, Discovery, Discovery Sport, Range Rover Evoque და Range Rover Velar მოდელებს მოიცავს.

კომპანია პრობლემის გამოსწორებას ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით გეგმავს. მფლობელებმა უნდა მიმართონ ავტორიზებულ სერვისცენტრს, სადაც ელექტრონული სისტემის მუშაობას შეამოწმებენ და საჭირო პროგრამულ ცვლილებებს უფასოდ განახორციელებენ.

JLR-ის განცხადებით, პრობლემის გამო ამ ეტაპზე ავტოსაგზაო შემთხვევების, დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა მამოძრავებელი ძალის ან გარე განათების მოულოდნელი დაკარგვა უსაფრთხოების პოტენციურ რისკად არის შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები