ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში პოლიციამ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში უჩვეულო მეთოდს მიმართა – მძღოლებს, რომლებიც ალკოჰოლზე შემოწმებისას ნულოვან შედეგს აჩვენებენ და სხვა წესებსაც არ არღვევენ, 20 დოლარის ღირებულების ვაუჩერებს გადასცემენ.
კამპანია მთელი სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება და პოლიცია სულ 100 ვაუჩერის დარიგებას გეგმავს. შესაბამისად, აქციის საერთო ღირებულება 2 000 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია არა მხოლოდ ალკოჰოლით მართვის შემთხვევების გამოვლენა, არამედ იმ მძღოლების წახალისებაც, რომლებიც გზაზე წესებს იცავენ.

ინიციატივის დაწყება სპეციალურად სექტემბერში გადაწყდა, რადგან ამ პერიოდში ავსტრალიაში ავსტრალიური ფეხბურთის ფინალური მატჩები იმართება, ასევე მოახლოებულია სასკოლო არდადეგები, რის გამოც გზებზე მოძრაობა იზრდება. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, კამპანიის მიზანი უსაფრთხო ქცევის პოზიტიური გზით წახალისებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დასავლეთ ავსტრალიაში წელს საგზაო შემთხვევების სტატისტიკა მძიმეა.
ვაუჩერების დაფინანსებაში მონაწილეობს ორგანიზაცია Holyoake, რომელიც ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებზე დახმარების მიმართულებით მუშაობს და ადგილობრივ საგზაო უსაფრთხოების კომიტეტშიც არის ჩართული.

პოლიციის წარმომადგენლების თქმით, იდეა ადგილობრივ საგზაო უსაფრთხოების კომიტეტს ეკუთვნის. მათი მოსაზრებით, მძღოლებისთვის დადებითი უკუკავშირის მიცემამ შესაძლოა უსაფრთხო ქცევის წახალისებას შეუწყოს ხელი.
თუმცა, ინიციატივის ეფექტურობაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ არ არსებობს. ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტის კრიმინოლოგმა მეთიუ მორგანმა აღნიშნა, რომ კამპანია საინტერესო ექსპერიმენტია, თუმცა შესაძლოა მისი მთავარი ეფექტი პოლიციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება იყოს და არა უშუალოდ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შემცირება.