Bentley-მ თავისი პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი – Torcal წარადგინა. პრემიუმ კლასის კროსოვერის ყველაზე მძლავრი, Torcal S-ის ვერსია 888 ცხენის ძალას ავითარებს და 100 კმ/სთ-მდე 2,9 წამში აჩქარდება. ავტომობილის მაქსიმალური სავალი მარაგი კი WLTP-ის ციკლით 600 კილომეტრს აღწევს.
ახალი მოდელი Bentley-ს დიზაინის ახალ ეტაპს წარმოადგენს. ავტომობილის გარეგნობაში გამოყენებულია როგორც ბრენდის კლასიკური მოდელების, მათ შორის Continental T-ის, ისე უახლესი კონცეპტუალური ავტომობილის – EXP 15-ის დიზაინის ელემენტები. კორპუსის სიგრძე დაახლოებით 5 მეტრია, საბარგულის მოცულობა 460 ლიტრს შეადგენს, წინ კი დამატებით 90 ლიტრიანი სათავსოა.

Torcal-ის სტანდარტული ვერსია ორი ელექტროძრავით 821 ცხენის ძალას და 1 155 ნიუტონმეტრ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3,4 წამს ანდომებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია. Torcal S-ში სიმძლავრე 888 ცხენის ძალამდე, ბრუნვის მომენტი კი 1 350 ნიუტონ/მეტრამდე იზრდება, რის გამოც ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 2,9 წამში აღწევს და მაქსიმუმ 260 კმ/სთ-ს ავითარებს.

Torcal-ს სრულად აქტიური საკიდარი აქვს, რომელიც თითოეულ ბორბალზე ცალკე რეაგირებს. ავტომობილი ასევე აღჭურვილია ოთხივე ბორბლის მართვის სისტემით – უკანა ბორბლებს მოხვევისას 5 გრადუსამდე კუთხით შეუძლიათ გადაადგილება. მუხრუჭებისთვის გამოყენებულია 420 მილიმეტრიანი წინა და 370 მილიმეტრიანი უკანა დისკები, ხოლო მსურველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ნახშირბად-კერამიკული მუხრუჭებიც.

ინტერიერში Bentley-მ ტრადიციულ ფუფუნებასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა. სალონში გვხვდება ნატურალური ტყავი, მატყლი, ხე და ალუმინი. სავარძლებს 16 მიმართულებით ელექტრო რეგულირება და მასაჟის ფუნქცია აქვს, დამატებით კი შესაძლებელია კლიმატის ავტომატური მართვისა და სხეულის პოზიციის კორექტირების სისტემების შეკვეთაც. უკანა სავარძლების რიგი Bentley-ს ისტორიაში პირველად ელექტრონულად იკეცება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრომობილის ხმასაც. Bentley-მ უარი თქვა ტრადიციული V8 ძრავის ხმის პირდაპირ იმიტაციაზე და Torcal-ისთვის სპეციალური მუსიკალური სისტემა შექმნა, რომლის საფუძველშიც დრამების, ალტისა და ბას-გიტარის რეალური ჩანაწერებია. ავტომობილის სიჩქარისა და სიმძლავრის მოთხოვნის ცვლილებასთან ერთად იცვლება ხმის ხასიათიც.

Torcal Bentley-ს პირველი სრულად ელექტრო მოდელია და კომპანია მას 2027 წლიდან სხვადასხვა ბაზარზე გაყიდის, აშშ-ში კი ავტომობილი 2028 წლის მოდელის სახით გამოვა. ბრენდის განცხადებით, Torcal-ის ფასი Bentayga-ზე დაბალი იქნება; ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საწყისი ფასი დაახლოებით 173 ათასი ფუნტია.