BMW-მ ახალი თაობის მე-3 სერია წარადგინა. ამ ეტაპზე კომპანიამ მხოლოდ სედანის ვერსია აჩვენა, რომელიც წინა თაობის CLAR პლატფორმის განახლებულ ვარიანტზეა აგებული, თუმცა გარეგნობაც და ინტერიერიც მნიშვნელოვნად შეცვალა და ელექტრო i3-ის სტილში შეასრულა. ყველაზე მძლავრი ვერსია 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,1 წამში შეძლებს.
ახალი 3 სერიის დიზაინი BMW-ს ახალი Neue Klasse-ის სტილისტიკას მიჰყვება. ბენზინისა და ელექტრო ვერსიების ვიზუალური მსგავსება განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუმცა მათ შორის განსხვავებები მაინც არის. შიდა წვის ძრავისთვის საჭირო სივრცის გამო სედანს ოდნავ დაგრძელებული წინა ნაწილი, უფრო დიდი ჰაერის შემწოვები და უკანა ნაწილის მინის განსხვავებული ფორმა აქვს. M350 ვერსია კი ოთხი გამონაბოლქვის მილითა და უფრო აგრესიული დიფუზორით გამოირჩევა.

ავტომობილის სიგრძე 4765 მილიმეტრია, ბორბლებს შორის მანძილი კი 2860 მილიმეტრს შეადგენს. ამ მაჩვენებლებით ბენზინის მე-3 სერია ელექტრო i3-ზე ოდნავ გრძელია, თუმცა მისი ბორბლების ბაზა უფრო მოკლეა, რადგან i3-ის იგივე მაჩვენებელი 2897 მილიმეტრია.
სალონი თითქმის მთლიანად ელექტრო i3-ის კონცეფციას იმეორებს. ავტომობილს 17,9 დუიმიანი მულტიმედიის ეკრანი და საქარე მინის ქვედა ნაწილზე გადაჭიმული Panoramic iDrive აქვს. BMW-ის ინფორმაციით, მულტიმედიური სისტემის პროგრამული და ტექნიკური ნაწილი ბენზინისა და ელექტრო ვერსიებში იდენტური იქნება. M350-ს სტანდარტულად უფრო განვითარებული გვერდითი მხარდაჭერის მქონე სპორტული სავარძლები და ინტეგრირებული თავსახურები ექნება.

ევროპაში ახალი მე-3 სერიის საბაზისო ვერსია 318 იქნება. ის 2,0 ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავს მიიღებს, რომელიც 156 ცხენის ძალასა და 250 ნმ-ს გამოიმუშავებს. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას ასეთი სედანი 9,5 წამში შეძლებს. შემდეგ მოდის BMW 320, რომლის იგივე მოცულობის ძრავის სიმძლავრე 211 ცხენის ძალამდე, ბრუნვის მომენტი კი 330 ნმ-მდეა გაზრდილი. ამ შემთხვევაში აჩქარებას 7,4 წამი სჭირდება.

ოჯახის ფლაგმანი M350 იქნება, რომელიც წინა M340-ის ადგილს დაიკავებს. მას 3,0 ლიტრიანი ტურბო ექვსცილინდრიანი ძრავი, 48 ვოლტიანი მსუბუქი ჰიბრიდული სისტემა და სრულამძრავიანი სისტემა აქვს. ძრავის სიმძლავრე 426 ცხენის ძალაა, ელექტროძრავის დახმარებით კი სისტემის ჯამური სიმძლავრე 443 ცხენის ძალას აღწევს. მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 560 ნმ-ია, 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი 4,1 წამი სჭირდება.