ჩინურმა ავტომწარმოებელმა Chery-მ ახალი სისტემა წარადგინა, რომელიც მძღოლს ავტომობილის გარკვეული ფუნქციების მართვის საშუალებას პირდაპირ Apple Watch-იდან მისცემს. ფუნქცია პირველად ჰიბრიდულ კროსოვერ Chery Fengyun T9L-ზე გამოჩნდება.
Apple Watch-ის დახმარებით მძღოლი შეძლებს შეამოწმოს ავტომობილის მდგომარეობა და წამყვანი ბატარეის დამუხტვის დონე, ასევე დაადგინოს, სად არის მანქანა. საათიდან შესაძლებელი იქნება კარების დისტანციურად გაღება და ჩაკეტვა, საბარგულის ელექტროძრავის ამოქმედება და კლიმატკონტროლის პარამეტრების შეცვლაც.
Chery-ის ახალი სისტემა მხოლოდ ეკრანზე შეხებას არ გულისხმობს – ავტომობილის გარკვეული ფუნქციების მართვა Apple Watch-ის ჟესტებითაც იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მომხმარებელს კონკრეტული ბრძანების გასაცემად სმარტფონის ან მანქანის მულტიმედიის ეკრანის გამოყენება ყოველთვის არ დასჭირდება.
პირველი მოდელი, რომელიც ამ ტექნოლოგიას მიიღებს, Fengyun T9L არის. დაახლოებით 4,8 მეტრის სიგრძის კროსოვერი ჰიბრიდულ ძალოვან სისტემას იყენებს, რომლის ელექტრული ნაწილის სიმძლავრე 353 ცხენის ძალას აღწევს. ავტომობილს მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენებით დაახლოებით 230 კილომეტრის გავლა შეუძლია, ხოლო 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5 წამზე ნაკლებს ანდომებს.
Fengyun T9L-ის ჩინეთში საწყისი ფასი დაახლოებით 129 900 იუანია. ამ ეტაპზე Chery-ს არ განუცხადებია, გაზრდის თუ არა Apple Watch-თან ინტეგრირებული ახალი ფუნქცია ავტომობილის ფასს.