დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვალებადობა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები.
ყურადღება უნდა მივაქციოთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდსაც, რომელიც დღის 12:19 საათზე დაიწყება და 24:00 საათამდე გაგრძელდება. ამ მონაკვეთში მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
დღეს შემოდგომის დღე-ღამ ტოლობაა, საკრალური დღეა. ვილოცოთ და კეთილდღეობა ვუსურვოთ ყველას. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილები ან ჩამოწეროთ, იოცნებოთ, რადგან ე.წ. კოსმიური ენერგიების სასიკეთო პორტალის გახსნის დღეა – შესაძლოა, ამ პერიოდში ჩაფიქრებულ თქვენს სურვილებსა და ოცნებებს რეალიზების უფრო დიდი შესაძლებლობა ჰქონდეს, ვიდრე სხვა დროს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება დღეს – მზე ერთი თვის განმავლობაში სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადადის. ყველა, ვინც დღეს დილის 4:07 საათიდან დაიბადება, უკვე სასწორის ნიშნის წარმომადგენელი იქნება.
მზის სასწორში გადასვლა ნიშნავს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ადამიანებში კიდევ უფრო მეტად გამოვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა დიპლომატიურობა, კომუნიკაბელურობა, სამართლიანობისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება და მისი დაცვის სურვილი, კომპრომისის მიღწევის უნარი. ამასთან, ადამიანებში განსაკუთრებული სილამაზის აღქმის უნარი და შემოქმედებითი ნიჭიც გაღვივდება.
თუმცა დადებით თვისებებთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს გარკვეული უარყოფითი ტენდენციებიც (რაც სასწორის ნიშანს ახასიათებს) – იმპულსურობა, შინაგანი არასტაბილურობა, სულსწრაფობა და სხვების გავლენის ქვეშ მოქცევის ალბათობა. დადებითი თვისებები გამოვავლინოთ, უარყოფითი ტენდენციები კი მაქსიმალურად ვაკონტროლოთ.
დღის რეკომენდაციები:
დღეს ნუ შეეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ძალაუფლების გამოყენებით. მოერიდეთ კარიერისტ და ისეთ ადამიანებს, რომლებიც სხვების აზრებსა და სურვილებს არ ითვალისწინებენ. მეგობრებს საიდუმლო არ გაუმხილოთ, რადგან მოგვიანებით შესაძლოა ეს ინფორმაცია თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.
მცენარეების დარგვა და გადარგვა, ხეების გარდა, სასურველი არ არის. ხეების დარგვა შესაძლებელია, თუმცა სხვა მცენარეებს უმჯობესია არ შეეხოთ.
დღე კარგია ელექტრო, გაზისა და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ასევე სამშენებლო და სამღებრო სამუშაოებისთვის, სესხის აღებისა და ბინის შესაძენად.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება მხედველობის, ვენები და ნერვული სისტემა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ოპერაციების ჩატარება დღეს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის. დღეს ასევე მოერიდეთ თვალების გადაღლას. დიდხანს ფეხზე დგომას სჯობს სიარული.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი. ამ ქვების გამოყენება ხელს შეუწყობს დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვას. რაც შეეხება ტანსაცმლის ფერებს, რეკომენდებულია – ნეონისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი და ვარდისფერი ტონები. მათი ერთმანეთთან კომბინირება ან ცალ-ცალკე გამოყენება თქვენს მიმზიდველობასა და მომხიბვლელობას გააძლიერებს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე განსაკუთრებით კარგია სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბული დღეა კუროსა და თევზებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობიისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო იქნება.