ჟურნალმა – People სელენა გომესს Beauty Impact Award მიანიჭა. ეს საპატიო პრემია 34 წლის მომღერალს, მსახიობსა და ბიზნესვუმენს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გაწეული გლობალური საქველმოქმედო საქმიანობისა და აქტივიზმისთვის გადაეცა.
ექვსი წლის წინ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის – Rare Beauty დაარსებასთან ერთად, გომესმა საქველმოქმედო ფონდი აამოქმედა. Rare Impact Fund-ის მიზანი ახალგაზრდებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. დღეის მდგომარეობით, ინიციატივამ მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, 30 მილიონ დოლარზე მეტის მობილიზება შეძლო.
„თუნდაც მხოლოდ 10 ადამიანს დავეხმაროთ, ეს მაინც საუკეთესო გრძნობაა მსოფლიოში,“ – განაცხადა გომესმა ჟურნალ People-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის სექტემბრის ნომრის სახედ სწორედ ის გვევლინება.
წარმატებული ბიზნესისა და საქველმოქმედო საქმიანობის პარალელურად, ვარსკვლავის ცხოვრებაში სრული ჰარმონიაა.
გამოცემასთან საუბარში სელენამ აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებაში თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს. 2025 წლის სექტემბერში, ის მუსიკალურ პროდიუსერ, ბენი ბლანკოზე დაქორწინდა. წყვილი ქორწინების პირველ წელს აღნიშნავს, ხოლო ბლანკომ ბოლო ინტერვიუში იუმორით თქვა, რომ ყოველდღე საკუთარ თავს უსვამს კითხვას, ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა სელენამ მისი სახით.
ამასთან, გომესის საქველმოქმედო კამპანია ახალ ფაზაში გადადის. 14 ოქტომბერს ჰოლივუდში, რიგით მეოთხე ყოველწლიური Rare Impact Fund Benefit გაიმართება.