იშვიათი Bugatti Veyron 16.4 Grand Sport Vitesse Jean-Pierre Wimille აუქციონზე 4,505 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად, დაახლოებით 5,4 მილიონ დოლარად, გაიყიდა და Veyron-ის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი გახდა. გარიგება RM Sotheby’s-ის ციურიხის აუქციონზე 26 სექტემბერს შედგა.
რეკორდული ავტომობილი „Les Légendes de Bugatti“-ის სპეციალური სერიის ერთ-ერთი წარმომადგენელია. სერია ექვსი სხვადასხვა ვერსიისგან შედგებოდა და თითოეული მათგანი მხოლოდ სამ ეგზემპლარად გამოუშვეს. შესაბამისად, Jean-Pierre Wimille-ის სახელობის Veyron სულ სამი ცალი არსებობს.

ამ კონკრეტულ ავტომობილს აუქციონამდე მხოლოდ 3 766 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. ახალი მფლობელის მიერ გადახდილი თანხა აუქციონის დაწყებამდე არსებულ შეფასებასაც მნიშვნელოვნად აღემატება – ავტომობილის სავარაუდო ფასი 2,4-2,8 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად იყო განსაზღვრული, საბოლოო შედეგმა კი ზედა ზღვარს დაახლოებით 61%-ით გადააჭარბა.

მანამდე Veyron-ის აუქციონის რეკორდი Bugatti Veyron Grand Sport Sang Bleu-ს ეკუთვნოდა. ეს ეგზემპლარი 2024 წელს RM Sotheby’s-ის მაიამის აუქციონზე 3,085 მილიონ დოლარად გაიყიდა. ახალი რეკორდული ავტომობილის შედეგი ამ მაჩვენებელს დაახლოებით 2,35 მილიონი დოლარით აღემატება.
Jean-Pierre Wimille-ის სახელობის მოდელი Bugatti-ს ლეგენდარული მრბოლელის პატივსაცემად შეიქმნა. Wimille-მა Bugatti-სთან ერთად ლე-მანის 24-საათიანი რბოლა 1937 და 1939 წლებში მოიგო. საინტერესოა ისიც, რომ 1939 წელს მისი თანაგუნდელი პიერ ვეირონი იყო – სწორედ ის მრბოლელი, რომლის სახელიც მოგვიანებით Bugatti-ს ჰიპერქარს ეწოდა.

Veyron Grand Sport Vitesse 8,0 ლიტრიანი, ოთხტურბინიანი W16 ძრავით არის აღჭურვილი. სპეციალური სერიის ავტომობილის სიმძლავრე 1 200 ცხენის ძალას, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი 1 500 ნიუტონმეტრს შეადგენს. ავტომობილის დიზაინში გამოყენებულია იმ ისტორიული Bugatti-ს მოტივები, რომლითაც Wimille 1937 წელს ლე-მანში მონაწილეობდა.
ახალი რეკორდი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ მანამდე რეკორდს უფრო იშვიათი, ერთ ეგზემპლარად შექმნილი Veyron Grand Sport Sang Bleu ფლობდა. მიუხედავად იმისა, რომ Jean-Pierre Wimille-ის Veyron მხოლოდ სამ ეგზემპლარად არსებობს, მისმა ისტორიამ და ლეგენდარულ მრბოლელთან კავშირმა კოლექციონერებისთვის ავტომობილის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა