ხანდაზმულთა და ახალგაზრდა თაობის პრობლემები – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის პოდკასტში „7რჩევა ფსიქოლოგისგან“ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა.
არიან თუ არა დღეს ხანდაზმულები უჩინარები?
ახალგაზრდა ასაკში გაქვს განცდა, რომ 25 და 35 წლის ადამიანი არის ძალიან ბებერი დ ახლა 80 წლის ადამიანიც ჩემთვის არის ახალგაზრდა. ბავშვობა და ყმაწვილობა არის მომავალი და ხანდაზმულობა არის სახელმწიფოს და საზოგადოების დღევანდელი სახე. ხანდაზმულობას რომ თავი დავანებოთ, დღეს 40 წლის მერეც გულზე ხელი უნდა დაიკრიფო. ჩვენი კულტურა, რომელიც მედიტერანულ კულტურას მიეკუთვნება, ზუსტად სენიორების პატივისცემას გულისხმობდა. ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც ეს გააქრო. ეს გამოიწვია საიმიგრაციო პროცესებმა, ეიჯიზმის ტენდენციამ, რომ 40 წელს გადაცილებულები სამსახურში არ უნდა მიიღო. ამ დროს არსებობს პროფესიები, სადაც ზუსტად გამოცდილებაა აუცილებელი. მედიაც ამას უწყობს ხელს. დასავლეთში და ჩვენთანაც ჩემხელა ადამიანები დიდ ძალისხმევას დებენ, რომ გამოიყურებოდნენ თინეიჯერულად. მე პრინციპულად არ ვიღებავ თმას. ტენდენციაა, თითქოს არაფერი უნდა გქონდეს იმის მიმანიშნებელი, რომ შედიხარ ასაკში. ეს არის კატასტროფა, ფაქტობრივად შენ თავს უარყოფ.
რამდენად აქვთ ურთიერთობა ახალგაზრდებს ხანში შესულ ადამიანებთან?
ჩვენ გვეშინია სიბერის, ეს გაახლოებს ბოლოს, სიკვდილის შიში ასოცირდება სიბერესთან. სხვა გამოცდილება აქვთ ამ ადამიანებს, სხვა დროში ცხოვრობდნენ. მე მახსენდება ჩემი თავი, როგორ მიყვარდა ჩემი მეგობრის მშობლებთან ურთიერთობა. ეს გამოცდილება დღევანდელ ახალგაზრდებს არ აქვთ. ზოგიერთი ბებია-ბაბუა წასულია საზღვარგარეთ, ზოგიერთი ახალგაზრდა თავად არის წასული. ერთმანეთთან ურთიერთობის გამოცდილება ამ ადამიანებს აღარ აქვთ. სერიოზულ ღირებულებით პრობლემებს ვაწყდებით, ეს ყველაფერი იწვევს ღირებულებით დამახინჯებას.
ასაკოვან ადამიანზე ზრუნვა და პატივისცემა ახალგაზრდა ადამიანის ღირებულებებს ზრდის და ემპათიის თვისებებს უვითარებს. ჩვენ როგორ ვზრდით ჩვენ თაობას? რომ მარტო თავის თავზე უნდა იფიქროს. ეს ტრაგიკულია.
ცხადია, ჩვენ მივდივართ ოჯახებამდე, რომლებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ვერ ნახავთ ოჯახს, ვინმე რომ არ იყოს ემიგრაციაში. ბავშვი უნდა ურთიერთობდეს ბებია-ბაბუასთან და მისი ცხოვრების ნარატივები გაიგოს, ეს არის მნიშვნელოვანი.

ღირებულებები და მორალი ჭკუის დარიგებებით კი არ ისწავლებოდა, არამედ ნარატიული ისტორიებით რომლებსაც უფროსი თაობა თავის თავზე ჰყვებოდა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭკუა რომ გასწავლოს მთელი ცხოვრება ვინმემ.
დემენციაზე მინდა გკითხოთ, ბოლო კვლევებით ასაკი ძალიან გაახალგაზრდავდა…
დემენცია თანდათანობით შეძენილია, რომელიც კოლერაციაშია ჩვენი ტვინის ქსოვილის დაზიანებებთან. გაახალგაზრდავდა ბევრი მიზეზის გამო. არსებობს შექცევადი რისკ ფაქტორები. მის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს დღევანდელი ცხოვრების წესი: მჯდომარე წესი, ფიზიკური დატვირთვის არ არსებობა, კვება, საჭიროა ჯანსაღი კვება და არა დიეტა. იცით რა არის ყველაზე დიდი პრედიქტორი – განათლება. რაც უფრო განათლებულია ადამიანი, ტვინის ნაოჭები მით უფრო მეტი აქვს, ეს არის დამცავი მექანიზმი, განათლება, ახლის სწავლა მუდმივად, მოძრაობა და სოციალურ-ემოციური ფაქტორი.
ჩვენი ახალგაზრდობა რამდენად ემპათიურია?
მთავარია გქონდეს მიზანი და საზრისი. არ აქვთ ჩვენ ახალგაზრდებს მიზანი და საზრისი. ბევრ ახალგაზრდას უნდა ფული, რომ ჰკითხო ეს ფული რად უნდათ, არ იციან. მიზანი და საზრისი თუ ადამიანს არ აქვს, ის ძალიან მალე ბერდება.
ხანდაზმული ჩვენი ქვეყნის მომავალია, რადგან ბავშვი და მოზარდი იქამდე უნდა მივიდეს. ამას ახალგაზრდა თაობა ვერ გაითავისებს, სანამ ახალგაზრდაა. ხანდაზმული ადამიანის პატივისცემა ისევ უნდა დაბრუნდეს ჩვენ საზოგადოებაში.
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ არიან ემპათიურები, მაგრამ იმდენად არიან თავისი პრობლემებით დახუნძლული, გარეთ არ იყურებიან. კარგია ადამიანები არიან, მაგრამ ადამიანობა უნდა იზრდებოდეს და ვლინდებოდეს. ისინი კი დაკავებული არიან პირადი ტრაგიზმებით, არავინ ეუბნება, რომ ეს ტრაგიზმები თუ არ გასწიე გვერდით, სულ იქნება. ახალგაზრდა ასაკში რომ გაქვს დეპრესია და ვერ ხედავ პოზიტიურს ვერაფერს, ხანდაზმულ ასაკში რა მდგომარეობაში ჩავვარდები.
