LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: არქეოლოგებმა შესაძლოა დედოფალი ნეფერტიტის სამარხს მიაგნეს

123
ქირიას NEWS შაბლონი (7)

ეგვიპტის მეფეთა ველზე ტუტანხამონის სამარხის მიღმა შესაძლოა აქამდე უცნობი დერეფნები და ოთახები იმალებოდეს. ახალი გეოფიზიკური კვლევის შედეგებმა გააძლიერა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ამ სივრცეებში შესაძლოა ეგვიპტის დედოფლის, ნეფერტიტის სამარხიც იყოს. თუმცა მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ამ ეტაპზე ეს ყველაფერი საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

კვლევა ტუტანხამონის სამარხის გარშემო ჩატარდა. მკვლევრებმა რამდენიმე გეოფიზიკური მეთოდი გააერთიანეს, მათ შორის მიწაში შეღწევადი რადარი და მიკროგრავიტაციული გაზომვები. მიღებული მონაცემები მიუთითებს ჩრდილოეთ კედლის მიღმა შესაძლო სტრუქტურებზე, რომლებიც სამარხის ამჟამინდელ ოთახებს სცდება.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა დაახლოებით 2 მეტრი სიგანის დერეფნის მსგავსი სტრუქტურაა, რომელიც სამარხის ჩრდილოეთ კედლის მიღმა გრძელდება. მკვლევრების ვარაუდით, ის შესაძლოა ნანგრევებით იყოს ამოვსებული, რის გამოც წინა კვლევების დროს მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდა. 

ეს შედეგები განსაკუთრებით საინტერესოა 2015 წელს ბრიტანელი ეგვიპტოლოგის ნიკოლას რივზის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზის ფონზე. მისი მოსაზრებით, ტუტანხამონის სამარხი შესაძლოა თავდაპირველად ნეფერტიტისთვის განკუთვნილი უფრო დიდი სამარხის ნაწილი ყოფილიყო და ახალგაზრდა ფარაონის გარდაცვალების შემდეგ მისი დაკრძალვისთვის გადაეკეთებინათ.

ტუტანხამონის სამარხი 1922 წელს ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა . მისი შედარებით მცირე ზომა და განსხვავებული არქიტექტურა დიდი ხანია არქეოლოგების ინტერესის საგანია, რადგან XVIII დინასტიის სხვა ფარაონების სამარხებთან შედარებით მას ნაკლები და უფრო პატარა ოთახები აქვს.

თუ ეგვიპტის ხელისუფლება შესაბამის ნებართვას გასცემს, მკვლევრები გეგმავენ სამარხის ჩრდილოეთ მხარეს დაახლოებით 7-8 სანტიმეტრის დიამეტრის მცირე ხვრელის გაკეთებას და მასში 360-გრადუსიანი კამერით აღჭურვილი მინიატიურული დისტანციური მოწყობილობის შეყვანას. ასეთი მეთოდი მათ საშუალებას მისცემს, სივრცეში პირდაპირი ჩარევის გარეშე შეიხედონ. სამუშაოების დაწყება შესაძლოა უკვე ნოემბერში გახდეს შესაძლებელი.

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა სწორედ ის არის, რეალურად არსებობს თუ არა აღმოჩენილი სტრუქტურების უკან ოთახები და შეიცავს თუ არა ისინი არქეოლოგიურ მასალას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები