Skyscanner-ის 2026 წლის კვლევამ გამოავლინა მსოფლიოს 10 ქალაქი, რომელიც ტურისტებისთვის ფეხით გადაადგილებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერების მხრივ განსაკუთრებით მოსახერხებელია. ათეულში ექვსი ევროპული დასახლება მოხვდა.
რეიტინგის შესადგენად Skyscanner-მა 30 მზარდი პოპულარობის მქონე ქალაქი შეისწავლა. შეფასება 14 სხვადასხვა კრიტერიუმს ეფუძნებოდა, მათ შორის – მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორის მანძილს, საფეხმავლო მარშრუტების რაოდენობას, ქალაქის საშუალო სიმაღლეს ზღვის დონიდან, ჰაერის ხარისხს, უსაფრთხოებას, მოსახლეობის სიმჭიდროვესა და ტურისტული ადგილების რაოდენობას.
პირველ ადგილზე ესპანეთის კორდობა გავიდა. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ფეხით შემოვლას, Skyscanner-ის მონაცემებით, დაახლოებით 26 წუთი სჭირდება, ხოლო ქალაქსა და მის შემოგარენში 29 საფეხმავლო მარშრუტია. კორდობის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.

მეორე და მესამე ადგილები იაპონიის ქალაქებმა – ნაგასაკიმ და ჰიროსიმამ დაიკავეს. მეოთხე ადგილზე იტალიის რეჯო-დი-კალაბრია გავიდა, მეხუთეზე კი – მონაკოს მონტე-კარლო.
ევროპის კიდევ სამი ქალაქი ათეულშია – ესტონეთის ტარტუ, იტალიის ბოლცანო და ბოსნია და ჰერცეგოვინას სარაევო. მათ შორის ტარტუ მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

ათეულში ასევე მოხვდნენ თურქეთის ბურსა და კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის ქალაქი ვიქტორია.
Skyscanner-ის 2026 წლის ათეული ასეთია:
1. კორდობა, ესპანეთი
2. ნაგასაკი, იაპონია
3. ჰიროსიმა, იაპონია
4. რეჯო-დი-კალაბრია, იტალია
5. მონტე-კარლო, მონაკო
6. ტარტუ, ესტონეთი
7. ბურსა, თურქეთი
8. ბოლცანო, იტალია
9. სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
10. ვიქტორია, კანადა.
კვლევა სპეციალურად იმ ქალაქებზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ჯერ არ ითვლებიან ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებად, თუმცა მოგზაურებისთვის საინტერესო და ფეხით მარტივად დასათვალიერებელია.