LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვას გეგმავენ

127
ქირიას NEWS შაბლონი (4)

ევროკავშირში ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების მკაცრი შეზღუდვები იგეგმება. ევროკომისიამ ე.წ. EU KIDS Act-ის წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც 13 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენება აეკრძალებათ, ხოლო 13-დან 15 წლამდე მოზარდებს მხოლოდ მშობლის კონტროლქვეშ შეეძლებათ არსებული, შეზღუდული ანგარიშებით სარგებლობა.

ახალი წესების მიხედვით, 13 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელები ხელმისაწვდომი არ იქნება. ამ ასაკში მათ შესაძლოა მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი ვიდეოკონტენტის გამოყენება შეეძლოთ, ისიც მშობლის ან მეურვის მიერ მართული ანგარიშის საშუალებით.

13-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის გათვალისწინებულია ე.წ. „მინი-ანგარიშები“. ასეთი პროფილი მშობლის ან მეურვის მიერ შეიქმნება და მას შეზღუდული ფუნქციები ექნება. მათ შორის იქნება კონტაქტების რაოდენობის შეზღუდვა და ეკრანთან გატარებული დროის დღეში მაქსიმუმ ერთ საათამდე შემცირება. მშობლებს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ანგარიშის გამოყენების კონტროლიც შეეძლებათ.

15 წლიდან მოზარდებს უკვე საკუთარი, დამოუკიდებელი სოციალური ქსელის ანგარიშის შექმნა შეეძლებათ, მშობლის დამატებითი ნებართვის გარეშე. თუმცა პლატფორმებს არასრულწლოვანებისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფა მაინც დაევალებათ.

ევროკომისიის წინადადება ასევე ითვალისწინებს სოციალური ქსელების ფუნქციონირების ცვლილებას. პლატფორმებს არასრულწლოვანებისთვის უნდა შეეზღუდოთ ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლის ხანგრძლივად ჩართულობას უწყობს ხელს, მათ შორის უსასრულო სქროლვა და გარკვეული ტიპის შეტყობინებები. ასევე უნდა შეიზღუდოს უცნობი ადამიანების მიერ ბავშვებთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობა, ხოლო არასრულწლოვანთა პროფილები უფრო დაცული და პირადი უნდა იყოს.

წესების აღსრულებისთვის სოციალური ქსელებისა და ვიდეოპლატფორმების ოპერატორებს ახალი ანგარიშების შექმნისას მომხმარებლის ასაკის გადამოწმება დაევალებათ. ევროკავშირი ასაკის დასადასტურებლად სპეციალურ ინსტრუმენტს ავითარებს, რომელიც ასაკის შემოწმებას პირადობის სრული მონაცემების ან ბიომეტრიული ინფორმაციის პლატფორმისთვის გადაცემის გარეშე უნდა უზრუნველყოფდეს.

EU KIDS Act-ის მოქმედება მხოლოდ სოციალურ ქსელებს არ შეეხება. წინადადება ასევე მოიცავს ვიდეოგაზიარების პლატფორმებს, ონლაინ თამაშებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩატბოტებსა და „AI-კომპანიონებს“. მაგალითად, AI ჩატბოტები ბავშვებისთვის გამორთული უნდა იყოს და მათთან ურთიერთობისას დამატებითი უსაფრთხოების ზომები ამოქმედდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები