ფინეთის ოულუს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ყავის რეგულარულ მოხმარებასა და სხეულის შემადგენლობას შორის საინტერესო კავშირი აღმოაჩინეს. კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ ყავას სვამდნენ, საშუალოდ ნაკლები საერთო და ვისცერული ცხიმოვანი ქსოვილით და მეტი ჩონჩხის კუნთოვანი მასით გამოირჩეოდნენ.
მეცნიერებმა Northern Finland Birth Cohort 1966-ის მონაცემები შეისწავლეს. კვლევაში 2 264 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ასაკიც 46 წელი იყო. მკვლევრებმა ყავის მოხმარება სხეულის შემადგენლობის, ნივთიერებათა ცვლისა და სისხლში სხვადასხვა ბიომარკერის მაჩვენებლებს შეადარეს.
საინტერესოა, რომ ყავის უფრო ხშირად მომხმარებლებს ნაკლები ცხიმი და მეტი კუნთოვანი მასა ჰქონდათ მაშინაც კი, როდესაც სხვადასხვა ჯგუფის სხეულის მასის ინდექსი (BMI) ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყავის უფრო მაღალი მოხმარება სისხლში BCAA-ს სახელით ცნობილი განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავების დაბალ დონეს უკავშირდებოდა. ამ ნივთიერებების ქრონიკულად მაღალი მაჩვენებლები წარსულ კვლევებში ინსულინრეზისტენტობასა და მეორე ტიპის დიაბეტის გაზრდილ რისკთან იყო დაკავშირებული.
მკვლევრებმა ჰორმონალური ცვლილებებიც დააფიქსირეს. მამაკაცებში ყავის უფრო მაღალი მოხმარება დაკავშირებული იყო გლუკოზისა და ინსულინის უფრო ხელსაყრელ მაჩვენებლებთან, საერთო და ბიოხელმისაწვდომი ტესტოსტერონის უფრო მაღალ დონესთან და სქესობრივი ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის (SHBG) მომატებასთან. ქალებში ჰორმონალური კავშირები შედარებით ნაკლებად გამოხატული იყო და ძირითადად SHBG-ის ზრდასა და თავისუფალი ანდროგენების შემცირებას შეეხებოდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყავაში შემავალი მრავალი ბიოაქტიური ნივთიერება შესაძლოა ნივთიერებათა ცვლასა და ჰორმონულ პროცესებზე მოქმედებდეს. თუმცა კვლევას მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს: ის დაკვირვებით ხასიათს ატარებდა, ამიტომ შედეგები ვერ ამტკიცებს, რომ სწორედ ყავის დალევა იწვევს ცხიმის შემცირებას ან კუნთოვანი მასის ზრდას.
კვლევის ავტორების განცხადებით, დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, ნამდვილად იწვევს თუ არა ყავის მოხმარება აღმოჩენილ ცვლილებებს და რომელი კონკრეტული ნაერთები შეიძლება იყოს ამ ეფექტის მიზეზი. შესაბამისად, ახალი მონაცემები ყავის შესაძლო სასარგებლო თვისებებზე საინტერესო მინიშნებას იძლევა, თუმცა მისი „ცხიმისმწველი“ ან კუნთის მომმატებელი ეფექტი ამ ეტაპზე დადასტურებულ ფაქტად ვერ ჩაითვლება.