გერმანიის ქალაქ კალვში მოსწავლეებს სკოლიდან სახლში დაბრუნება საკმაოდ უჩვეულო გზით შეუძლიათ – ქალაქის პარკში ორი გიგანტური სასრიალო მოეწყო, რომლებიც მაღლობზე მდებარე უბან ვიმბერგს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან აკავშირებს. ერთი სასრიალოს სიგრძე 43 მეტრია, მეორის – 17 მეტრი.
ორივე კონსტრუქცია შვიდი ჰექტარის ფართობის ქალაქის ბაღის ფერდობშია ჩაშენებული. იდეის ავტორის, არქიტექტორ პატრიკ ჰუმპერტის ჩანაფიქრით, გიმნაზიისა და სკოლის მოსწავლეებმა სახლამდე გზის ნაწილი სასრიალოთი უნდა გაიარონ.
სასრიალოები მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი. მათი გამოყენება ქალაქის მცხოვრებლებს, ტურისტებსა და სხვა სტუმრებსაც შეუძლიათ. ქალაქის ინფორმაციით, დაშვებისას სიჩქარე საათში 35 კილომეტრს აღწევს. დიდი სასრიალოთი მგზავრობა დაახლოებით 10-16 წამს გრძელდება, შემდეგ კი მომხმარებელი პატარა სასრიალოზე გადადის.
პროექტის ერთ-ერთი მიზანი გზებზე ავტომობილების შემცირებაა. იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ მოსწავლეები და ქალაქის სხვა მცხოვრებლები ფერდობიდან ქვემოთ ჩასასვლელად მანქანის ან ავტობუსის ნაცვლად ახალ მარშრუტს გამოიყენებენ. თუმცა სასრიალოების დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრამდე გარკვეული მანძილის ფეხით გავლა მაინც საჭიროა.
სასრიალოები ქალაქის ბაღის მასშტაბური რეკონსტრუქციის ნაწილია. პარკის განახლების იდეა ეროვნული კონკურსის ფარგლებში შეირჩა და პროექტის მთავარი მიმართულებები კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, გამწვანება, ბუნებრივი გარემოს აღდგენა და ქალაქისთვის სუფთა ჰაერის ნაკადის შენარჩუნებაა.
პარკის განახლება დაახლოებით 1,5 მილიონი ევრო დაჯდა, რომლის ძირითადი ნაწილი ფედერალურმა მთავრობამ დააფინანსა. სასრიალოები კი პროექტის ყველაზე უჩვეულო და თვალში საცემ ელემენტად იქცა.
ქალაქის ინფორმაციით, კონსტრუქციებმა უსაფრთხოების შესაბამისი შემოწმებები გაიარა და გამოყენებისთვის დადგენილი წესები მოქმედებს. კალვში იმედოვნებენ, რომ გიგანტური სასრიალოები არა მხოლოდ ატრაქციონად, არამედ ქალაქში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილადაც იქცევა.