დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანების, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.
როგორც სხდომის დაწყებამდე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც ბრალდებული ნია იმნაძის დანაშაული დასტურდება.
პროკურორის სიტყვებით, „რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა“.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები წარვადგენთ შესავალ სიტყვებს. შესავალ სიტყვაში საუბარი იქნება ჩვენს გეგმებზე თუ რა მტკიცებულებებს წარმოვადგენთ და რით დავადასტურებთ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. დაცვის მხარეც, ბუნებრივია, ამაზე გაგვცემს პასუხს და შემდგომ დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევა.
საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ორივე ბრალდებულის მხრიდან. ეს არის, პირველ ყოვლისა, ინფორმაცია, რომელიც სხვა მსჯავრდებულების და ამ ბრალდებულთა მობილური ტელეფონებიდან გამოვითხოვეთ, ეს არის ინფორმაცია შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის სახით და მოწმეთა ჩვენებები.
საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან, ვითომდა, არასათანადო ქცევის შესახებ. აღნიშნული არასწორად იქნა აღქმული მის მიერ და შემდგომ ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება ალექსანდრე გაბაშვილის მხრიდან.
საზოგადოებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა.
14 ოქტომბერი არის ის დრო, როდესაც ნია იმნაძე პირველად დაიკითხა გამოძიების მიერ და პირველად დაიბარა საგამოძიებო ორგანომ. ამის შემდეგ, როდესაც ის საგამოძიებო დანაყოფიდან წავიდა, სავარაუდოდ, როგორც ეს ანძების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, იმყოფებოდა სწორედ იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობდა გიორგი მალანია. ეს გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გიორგი მალანია და ნია იმნაძე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს მომხდართან დაკავშირებით. შეხვედრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ გიორგი მალანია და ნია იმნაძე ფაქტობრივად, ერთი დანაშაულის თანამონაწილეებად განიხილებიან ჩვენ მიერ, ამიტომ ესეც იქნებოდა ერთ-ერთი მტკიცებულება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ან ძირითადი მტკიცებულება, რომელიც მათ დანაშაულს ამტკიცებს, ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ეხმარება სხვა მტკიცებულებებს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში”, – განაცხადა ქეთევან სონიძემ.
ცნობისათვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. ნია იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბრალდების მიხედვით, ნია იმნაძემ მის მეგობრებს – ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საქმეზე სულ დაკავებულია 7 პირი: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.
პროკურორის ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი
