LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-მ ისტორიაში პირველად შეიძლება გაყიდვებით Ford-ს აჯობოს

119
ქირიას NEWS შაბლონი (1)

Hyundai Motor Group-ს, რომელიც Hyundai-ს, Kia-სა და Genesis-ს აერთიანებს, 2026 წლის მესამე კვარტალში აშშ-ის ავტომობილების ბაზარზე Ford-ისთვის გადასწრების შანსი აქვს. Cox Automotive-ის პროგნოზით, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით კორეული ჯგუფი ამერიკაში 511 421 ავტომობილს გაყიდის, Ford-ის მაჩვენებელი კი 504 172 ერთეული იქნება.

თუ პროგნოზი გამართლდა, Hyundai Motor Group-ი აშშ-ში კვარტალური გაყიდვებით მესამე ადგილს დაიკავებს, General Motors-ისა და Toyota-ს შემდეგ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც Hyundai-ს, Kia-ს და Genesis-ის ერთობლივი გაყიდვები ერთ კვარტალში Ford-ის შედეგს გადააჭარბებს. ოფიციალური მონაცემები ოქტომბრის დასაწყისში უნდა გამოქვეყნდეს.

Cox Automotive-ის შეფასებით, Hyundai Motor Group-ის გაყიდვები მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,5%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც Ford-ის გაყიდვები 7,1%-ით შემცირდება. ამავე პროგნოზით, GM 671 706 ავტომობილით ლიდერი იქნება, Toyota კი 642 707 ერთეულით მეორე ადგილზე გავა.

კორეული ავტომწარმოებლების გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ანალიტიკოსები ჰიბრიდულ ავტომობილებზე მზარდ მოთხოვნას ასახელებენ. საწვავის გაძვირების ფონზე აშშ-ში მომხმარებლების ნაწილი უფრო ეკონომიურ ავტომობილებს ირჩევს, ჰიბრიდები კი მათ საშუალებას აძლევს საწვავის ხარჯი შეამცირონ ისე, რომ ელექტრომობილის დამუხტვის ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულება არ ჰქონდეთ.

Hyundai Motor Group-მა ჰიბრიდების მიმართულებით ბოლო პერიოდში პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა. Cox-ის მონაცემებით, მეორე კვარტალში Hyundai-ს ჰიბრიდების გაყიდვები წლიურად 75%-ით გაიზარდა, Kia-ს კი – 130%-ით. ამ ფონზე Ford-სა და General Motors-ს ჰიბრიდული მოდელების შედარებით მცირე არჩევანი აქვთ.

Ford-ის შედეგებზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც. კომპანიამ შეწყვიტა პოპულარული Escape-ის წარმოება, ასევე წელს F-Series-ის პიკაპების წარმოებას პრობლემები შეექმნა. გარდა ამისა, Ford-მა შეამცირა ავტომობილების მიწოდება გაქირავების კომპანიებისთვის, რაც ასევე აისახა გაყიდვების მოცულობაზე.

ამასთან, წლის პირველი ცხრა თვის ჯამური შედეგით Ford-ი ჯერ კიდევ წინ იქნება. Cox-ის პროგნოზით, იანვარ-სექტემბერში Ford-ის გაყიდვები 1 505 134 ავტომობილს, Hyundai Motor Group-ის კი 1 431 804-ს მიაღწევს. შესაბამისად, განსხვავება დაახლოებით 73 ათასი ავტომობილი იქნება, თუმცა ერთი წლის წინ იგივე პერიოდის შემდეგ სხვაობა დაახლოებით 277 ათასს შეადგენდა.

Cox Automotive-ის პროგნოზი ასევე აჩვენებს, რომ აშშ-ის ბაზარზე აზიური მწარმოებლების პოზიციები ძლიერდება. კომპანიის შეფასებით, მესამე კვარტალში აზიური ბრენდების ერთობლივი წილი ამერიკის ახალი ავტომობილების ბაზარზე ნახევარზე მეტი იქნება, მაშინ როცა ტრადიციული „დეტროიტის სამეულის“ – GM-ის, Ford-ისა და Stellantis-ის – საერთო წილი დაახლოებით 36%-მდე შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები