ირლანდიელ-ბრიტანელმა მეცნიერმა სერ ადრიან ჰილმა მალარიის ვაქცინის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის 2026 წლის ევროპის გამომგონებელთა ჯილდო მიიღო. ევროპის საპატენტო უწყებამ (EPO) მას პრიზი კვლევის კატეგორიაში გადასცა.
ჰილმა ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტის გუნდთან ერთად R21/Matrix-M ვაქცინის განვითარებას უხელმძღვანელა. კლინიკური კვლევების მიხედვით, ვაქცინამ მალარიისგან დაახლოებით 75-80%-იანი დაცვა აჩვენა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მალარიის ვაქცინებისთვის დადგენილ 75%-იან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა.
ვაქცინის შექმნას მეცნიერები საუკუნეზე მეტხანს ცდილობდნენ. მანამდე 150-ზე მეტი ვაქცინა იყო გამოცდილი ადამიანებზე, თუმცა მათი ნაწილი ბავშვებში მხოლოდ შეზღუდულ ან ხანმოკლე დაცვას უზრუნველყოფდა. ჰილის გუნდმა ვაქცინის სტრუქტურა ისე შეცვალა, რომ იმუნურ სისტემას მალარიის გამომწვევი ცილოვანი ნაწილების ამოცნობა უფრო ეფექტურად შეძლებოდა.

R21/Matrix-M-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაა. ვაქცინის მასშტაბურად წარმოება შესაძლებელია, ერთი დოზის ღირებულება კი 3 ევროზე ნაკლებია. ასევე ის ორ წლამდე ინარჩუნებს სტაბილურობას ჩვეულებრივი მაცივრის პირობებში, რაც ვაქცინის ტრანსპორტირებასა და შენახვას იმ რეგიონებშიც ამარტივებს, სადაც სამედიცინო ინფრასტრუქტურა შეზღუდულია.
ჰილი მალარიით 1988 წელს, გამბიაში მუშაობის პერიოდში დაინტერესდა. მაშინ ის საავადმყოფოში მკვლევრად მუშაობდა და მალარიით დაავადებული ბავშვების მძიმე მდგომარეობას უშუალოდ აკვირდებოდა. მოგვიანებით მან ოქსფორდის ჯენერის ინსტიტუტში მალარიის ვაქცინაზე მუშაობა გააგრძელა, რასაც საბოლოო შედეგამდე მისაღწევად სამი ათწლეული დასჭირდა.
ვაქცინის განვითარებაში ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ ინდოეთის Serum Institute, შვედური Novavax და აფრიკის რამდენიმე კვლევითი ცენტრი. 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ ვაქცინის ეფექტურობა 77%-მდე დაადასტურა, რის შემდეგაც მისი გამოყენება განაში და ნიგერიაში დაიწყეს. იმავე წელს ჯანმომ R21/Matrix-M-ის ფართო გამოყენება რეკომენდებული ვაქცინების სიაში შეიტანა.
ამჟამად მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აფრიკის 20-ზე მეტ ქვეყანაში იმუნიზაციის პროგრამებში ინერგება. ჯანმოს მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს მსოფლიოში მალარიის დაახლოებით 282 მილიონი შემთხვევა და 610 ათასი სიკვდილი დაფიქსირდა, ხოლო აფრიკის რეგიონში დაავადებით გარდაცვლილთა დაახლოებით 75% ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იყო.