ჰარი სტაილზმა მსოფლიო ტურნე – Together, Together 2027 წლამდე გაახანგრძლივა და ახალი თარიღები გამოაცხადა. ბრიტანელმა პოპ-ვარსკვლავმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დამატებითი 25 შოუთი მომავალ წელს, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში წარდგება. არტისტი ტურნეს ახალი ალბომის – Kiss All the Time. Disco, Occasionally. მხარდასაჭერად მართავს.
ფანებისთვის გაგზავნილ წერილში ჰარიმ აღნიშნა: „მინდოდა ჩემ ყველაზე ერთგულ მსმენელს პირველს გაეგო, რომ 2027 წლის თარიღებს ვამატებთ. ეს იქნება ფინალური ქალაქები, სადაც Together, Together ჩავა“.
ტურნეს ახალი ეტაპი 2027 წლის 2 აპრილს ფენიქსში დაიწყება, რის შემდეგაც მომღერალი ეწვევა დალასს, ლოს-ანჯელესს, ტორონტოს, ატლანტასა და ჩიკაგოს.
ევროპული ნაწილი ივლისიდან აიღებს სტარტს ბერლინში და მოიცავს ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა: პარიზი, მადრიდი, რომი და დუბლინი.
ტურნე გრანდიოზულად დასრულდება ლონდონში, სადაც შემსრულებელი უემბლის სტადიონზე სამ ფინალურ კონცერტს გამართავს. სხვა დანარჩენ ქალაქებში არტისტი ორ-ორ შოუს ჩაატარებს.
ტურნეს განსაკუთრებული ხიბლი ისაა, რომ თითოეულ ქალაქს გამორჩეული „გამხსნელი“ ეყოლება. ფენიქსში სტაილზის სცენაზე გამოჩენამდე, პუბლიკას Tinashe, ლოს-ანჯელესში – კაილი მინოუგი, პარიზში – ქეროლაინ პოლაჩეკი, ხოლო ლონდონში – Tears for Fears ,,გაახურებს”.
ცნობისთვის, ჰარი სტაილზმა ტურნე – Together, Together 16 მაისს დაიწყო. ამჟამად, ის ნიუ-იორკის Madison Square Garden-ში, 30-დღიან რეზიდენციას მართავს. ტურნეს წლევანდელი კონცერტების ფინალური პერფორმანსი 13 დეკემბერს, სიდნეიში შედგება.