გადაცემა „არტ-Fm“-ის სტუმარია ფესტივალის „გვესმოდეს ერთმანეთის!“ დამფუძნებელი ხათუნა მაჭავარიანი.
11 ოქტომბერს 15.00 სთ-ზე კულტურის ცენტრ „მუზაში“ მესამედ გაიმართება ნიკა ემუხვარის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „გვესმოდეს ერთმანეთის!“.
ფესტივალი, რომელიც ხელოვნების საშუალებით ადამიანებს შორის დიალოგის, ურთიერთგაგებისა და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, წელს მნიშვნელოვნად ფართოვდება და ახალ ინტელექტუალურ და კულტურულ პლატფორმად ყალიბდება.
ფესტივალის განვითარების ახალი ეტაპი გულისხმობს ხელოვნების, განათლების, მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ კონცეფციის ფარგლებში, ფესტივალის კვირეულს 4 ოქტომბერს გახსნის საერთაშორისო სამეცნიერო ინტერდისციპლინური კონფერენცია „მეცნიერებისა და ხელოვნების დიალოგი“, რომელიც გამოჩენილი მოღვაწის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ხსოვნას ეძღვნება და სხვადასხვა სფეროს მეცნიერებს, ხელოვანებსა და მკვლევრებს გააერთიანებს.
კონფერენცია და ფესტივალი ერთიან ინტელექტუალურ-კულტურულ სივრცეს ქმნის, სადაც მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთს უკავშირდება და მათი საშუალებით ვითარდება დიალოგი, შემოქმედებითი აზროვნება, კულტურული მეხსიერება, ურთიერთგაგებისა და მშვიდობის იდეები.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან ორგანიზაციები: „ქალები განათლებისა და დემოკრატიისათვის“ და „ამრა“.