LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (7-13 სექტემბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5334
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში, რაც ყველა ზოდიაქოს ნიშანს აძლევს ახალ შესაძლებლობებს: უმჯობესდება მოლაპარაკებები, იზრდება იდეების რეალიზების შანსი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 11 სექტემბერს (პარასკევს) – ამ დღეს ქალწულის ზოდიაქოში ახალმთვარეობაა (მზისა და მთვარის ენერგიების შერწყმა). ეს არის რთული და ტრავმული დღე. მოიმატებს კონფლიქტების, შეცდომებისა და ჯანმრთელობის გაუარესების რისკი. ნუ დაგეგმავთ ახალ საქმეებს, მოერიდეთ მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებების დადებას. გაიარეთ ეს დღე მშვიდად და ფრთხილად.

ვერძი:

გასულ კვირასთან შედარებით უკეთესი პერიოდია. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი შედარებით დაბალია და მეტი დასვენება გჭირდებათ, ოჯახურ საქმეებში შესანიშნავი შედეგები გექნებათ. კარგი დროა რემონტისთვის, სახლის დიზაინის განახლებისა და კომფორტის შესაქმნელად. იზრდება აღიარებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი. შეძლებთ გავლენიან ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, მიიღებთ საინტერესო წინადადებებს. გამოიყენეთ იურიდიული საკითხები თქვენს სასარგებლოდ. გააფართოეთ გავლენის სფერო, მაგრამ ნუ გადაიღლებით და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კურო:

ძალიან კარგი და ნაყოფიერი პერიოდია (განსაკუთრებით 15 სექტემბრამდე). მოიმატებს ენერგოტონუსი, უმჯობესდება ჯანმრთელობა, ხდებით უფრო აქტიური და ინიციატივიანი. წარმატებით მოაგვარებთ შვილებთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებს, დამყარდება შესანიშნავი კონტაქტი. ოჯახში შექმნით სიმყუდროვეს, ზოგიერთი თქვენგანი კი უძრავ ქონებასაც შეიძენს. მეუღლესა და შვილებთან კარგი ურთიერთობა თქვენი წარმატების საწინდარია. იდეალური დროა შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისა და კონკურსებსა თუ ლატარიაში მონაწილეობისთვის.

ტყუპები:

ენერგოტონუსი ოდნავ დაქვეითებულია, ამიტომ მოერიდეთ გადაღლას და მიეცით ორგანიზმს დასვენების საშუალება. ამის მიუხედავად, პერიოდი ძალიან საინტერესოა – გონებამახვილობა და კომუნიკაბელურობა ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. მოსალოდნელია მატერიალური მხარდაჭერა სხვებისგან ან თავად დაეხმარებით ახლობლებს. ზოგიერთმა შესაძლოა საოჯახო ბიზნესიც წამოიწყოს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას – ის სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მათი მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

კირჩხიბი:

შესანიშნავი პერიოდია! ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ხოლო ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სტაბილური. თქვენი შარმისა და მიმზიდველობის წყალობით ექცევით საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საუკეთესო დროა მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, მრავალფეროვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. მოიმატებს ენთუზიაზმი, პროფესიული ზრდა კი კარიერულ დაწინაურებას შეუწყობს ხელს. იმოქმედეთ თავისუფლად. პერიოდი ძალიან ნაყოფიერია მოგზაურობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ლომი:

ენერგოტონუსი შედარებით დაბალია, ამიტომ მთავარი მოთხოვნა ჯანმრთელობის გაფრთხილება და ძალების აღდგენაა. ნუ გადაიღლებით, რადგან წინ პოზიტიური შესაძლებლობების პერიოდია და ორგანიზმს მზადყოფნა სჭირდება. მიიღებთ ადრე შესრულებული საქმეების დივიდენდებსა და მატერიალურ სარგებელს. გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი. კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, მივლინებებისა და კონტაქტების დამყარებისთვის. უცხოელ პარტნიორებთან შესაძლოა ძალიან კარგი თანამშრომლობა ჩამოაყალიბოთ. რთულ სიტუაციებში კარგად გაერკვევით და მოაგვარებთ, იღბალი მატულობს, მთავარია არ გადაიტვირთოთ.

ქალწული:

თქვენი დრო დადგა. ძალიან აქტიური, პროდუქტიული და წარმატებული პერიოდია. ხდებით მაღალი ინიციატივის მატარებელი, დინამიკური ლიდერი, რომლის შემოქმედებითი და გონებრივი პოტენციალიც მაქსიმალურად რეალიზდება. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი იდეების რეალიზაციის პერიოდია, მით უმეტეს გარშემომყოფთა მხარდაჭერასაც მიიღებთ. ადვილად პოულობთ რთული საკითხების გადაჭრის გზებს. ამასთან, შეძლებთ არაერთი ფინანსური საკითხების გადაჭრას. ეს არის წინსვლისა და გამარჯვებების ხანა. გახსნილი ხართ რომანტიული ურთიერთობებისთვის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად, ამიტომ გამოიყენეთ ეს ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი პერიოდი მაქსიმალურად, გამოავლინეთ ლიდერული თვისებები და მართეთ პროცესები თქვენდა სასიკეთოდ.

სასწორი:

დაბადების დღის წინა პერიოდში იმყოფებით, რის გამოც ენერგოტონუსი შედარებით დაბალია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ერიდეთ გაციებას და გამოიძინეთ. აკონტროლეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან, ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები აქტიურდება. ნუ გაანდობთ სხვებს საიდუმლოებებს და ენას კბილი დააჭირეთ. მოერიდეთ ილუზიებსა და თვითმოტყუებას, დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, შეძლებთ სხვებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას და საინტერესო პერსპექტივების მიღებას.

მორიელი:

ძალიან კარგი და აქტიური პერიოდია. მოიმატებს ენერგია, იმუნიტეტი და ინტუიცია. თავისუფლდებით ილუზიებისგან და მოვლენებს რეალურად აღიქვამთ. გეძლევათ შესანიშნავი შანსი ბიზნესსა და იდეების რეალიზებაში, რაც ხელს შეუწყობს კარიერულ დაწინაურებასა და საზოგადოებრივ აღიარებას. ოჯახში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები. ეს არის რეფორმების ხანა – შეცვალეთ ყველაფერი, გარეგნობიდან და ვარცხნილობიდან დაწყებული, სამუშაო მეთოდებით დამთავრებული. იმოქმედეთ არასტანდარტულად, გამოიყენეთ ინტერნეტი და ახალი ტექნოლოგიები.

მშვილდოსანი:

ენერგოტონუსი შედარებით დაბალია, იმატებს იოლად გადაღლის ტენდენცია. აუცილებელია ბალანსის პოვნა დასვენებასა და საქმიანობას შორის, რათა დაღლილობის გამო შეცდომები არ დაუშვათ. ამის მიუხედავად, პერიოდი პერსპექტიულია: შეძლებთ ფინანსური საკითხების მოწესრიგებას და კოლექტიურ პროექტებში ჩართვას. პარტნიორები ახალ, საინტერესო იდეებს მოგიტანენ. შეძლებთ ინტელექტუალური და ბიზნესუნარების გამოვლენას, იგრძნობთ მეტ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

თხის რქა:

ენერგოტონუსი ძალიან მაღალია. ხდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და შრომისმოყვარე. შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის, სწავლისთვის, სულიერი განვითარებისა და ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. ძველი, მივიწყებული პროექტებიდანაც კი შეძლებთ სარგებლის მიღებას. წარმატებით მოაგვარებთ მემკვიდრეობასთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ თემებს. იგრძნობთ სტაბილურობასა და დაცულობას. გაგიღრმავდებათ ურთიერთობები როგორც საქმიან, ისე პირად პარტნიორებთან. ძალიან სასიკეთოა კონტაქტები უცხოელებთან და უცხოეთში მოგზაურობა.

მერწყული:

ენერგოტონუსი და იმუნიტეტი ოდნავ დაქვეითებულია, ამიტომ ნუ გადაიღლებით და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, პოზიტიური ტენდენციები მაინც ძლიერია. უმჯობესდება და სტაბილურდება ურთიერთობები როგორც ბიზნესში, ისე სიყვარულში. პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან დროული იქნება, რაც თვითშეფასებას ამაღლებს. კარგი პერიოდია სწავლისთვის, ინტელექტუალური განვითარებისა და მოგზაურობისთვის. მთავარი რჩევაა: გახდით გარკვეულწილად „ნაცრისფერი კარდინალი“,  ნუ ილაპარაკებთ ბევრს ახალ იდეებსა და პროექტებზე, იმოქმედეთ ჩუმად და გონივრულად.

თევზები:

პარასკევის გამოკლებით, კვირის დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ. იმატებს ენერგოტონუსი, იმუნიტეტი და ფსიქო-ემოციური სტაბილურობა. ვლინდება შრომისმოყვარეობა, რწმენა, სიმამაცე და მოთმინება. საუკეთესო პერიოდია თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისა და სწავლისთვის. გაიუმჯობესებთ როგორც მატერიალურ მდგომარეობას, ისე მიიღებთ მორალურ კმაყოფილებას. პარტნიორები გახდებიან თქვენი წინსვლის მთავარი დასაყრდენი, რაც დაგეხმარებათ საკუთარი ძალების ირწმუნებაში. მშვენიერი პერიოდია ქორწინებისთვის, ხოლო ზოგიერთ თევზებს წინ რომანტიკული თავგადასავალიც ელის.

გეომაგნიტური დღეები: განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 8 სექტემბერს (სამშაბათს), 10 სექტემბერს (ხუთშაბათს) და 13 სექტემბერს (კვირას).

გეომაგნიტურ დღეებში მოსალოდნელია მეტი პრობლემები შეექმნას გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა და თავის ტკივილი, ამიტომ გაკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები