LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან გოგორელიანისა და თემო მჟავიას ხმაურიანი დაბრუნება „რუსთავი 2“-ზე, ახალი „მეტი შოუ“ და სახეები, რომლებიც ეკრანზე 14-წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდებიან – „მაყურებელს ძალიან გაუხარდება მონატრებული სახეების დანახვა…“

893
094624e0-ef45-4352-9d10-0d31adc90694

„რუსთავი 2“-ის ეთერში 27 სექტემბრიდან, 22:30 სთ-ზე ახალ შოუს შემოგვთავაზებენ. ეს არის კონცერტის ტიპის გადაცემა, სადაც იუმორს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება, მუსიკასთან ერთად.

„მეტი შოუ“ ცნობილი იუმორისტების, – ლევან გოგორელიანის (ფაქო) და თემო მჟავიას პროექტია, რომლითაც ისინი მშობლიურ „რუსთავი 2“-ს ხმაურიანად უბრუნდებიან. მათ არხზე პროექტების ხელმძღვანელობა ჩაიბარეს.

„მეტმა“ შოუმ უკვე გააერთიანა არაერთი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც მაყურებლისთვის სრულიად განსხვავებული და ახალი ფორმატის შეთავაზებას შეეცდება. მაყურებელს შეუძლია შოუს ჩაწერას დაესწროს. მოლოდინი რომ დიდია, ამას ისიც ადასტურებს, რომ შოუს პირველ რამდენიმე ჩაწერაზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ლევან გოგორელიანი (ფაქო), რუსთავი 2-ის პროექტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, „მეტი შოუს“ რედაქტორი:

ვფიქრობ, კარგად ჟღერს – მეტი შოუ „რუსთავი 2“-ზე. ყველას გვითქვამს ფრაზა – შოუ დამაკლდა (იღიმის). სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელიც.

როგორი იქნება „მეტი შოუ“ რუსთავი-2-ზე?

სანამ შინაარსზე ფიქრს დავიწყებდით, ყველას გვქონდა მოსაზრებები… უნდა დაგვერქმია სახელი იმისთვის, რასაც ვაკეთებდით. ბოლოს ყველამ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, როცა ვთქვით, რომ ეს არის სატელევიზიო იუმორისტული კონცერტი. თავისი არსით და შინაარსით, ზედოზირებულ იუმორს არ ვგულისხმობ, უფრო არის მუსიკალური, ბევრი სიმღერით…

თავიდანვე შემოგვიერთდა „რეზო და ბავშვები“, რომელთანაც ადრეც გვიმუშავია სხვადასხვა პროექტზე. უფრო მარტივად დავინახეთ ბენდთან ერთად ეს გადაცემა. ჩვენს გადაცემას ასევე შემოუერთდნენ ძირითადად, „რუსთავი 2“-ის სახეები, თუმცა გვაქვს ფანჯარა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩვენს შოუში გამოსვლა, აქ ვგულისხმობთ საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებს. თუ ნომერი მოგვეწონება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება იუმორისტული თუ მუსიკალური, ყველა მსურველს შეეძლება, რომ მიიღოს მონაწილეობა „მეტ შოუში“. როცა გვექნება შესაფერისი ნომერი, ანაზღაურების სანაცვლოდ მოვიწვევთ გადაცემაში.

„რუსთავი 2“-ზე მაყურებელს სულ ველოდებით, ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც ამ პროექტის რედაქტორი, არამედ როგორც „რუსთავი 2“-ის პროექტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, რადგან არ ვასხვავებ ჩვენს პროექტს სხვა პროექტებისგან, რომლებიც ამ არხზე გადის.

თემო მჟავია, რუსთავი 2-ის პროექტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, „მეტი შოუს“ რედაქტორი:

გვინდოდა, გაგვეკეთებინა გადაცემა, რომელიც არ არის ორიენტირებული ჩაბჟირებამდე სიცილზე. ვარჩევდით ფორმატს. ვიკრიბებოდით ხოლმე ჩვენ, „რეზო და ბავშვები“ და ვფიქრობდით ამ თემაზე. იუმორისტული კონცერტი ჩვენი გადაცემის ჟანრია, სადაც არის მეტი სიმღერა, მეტი იუმორი და მეტი შოუ.

ვფიქრობ, მაყურებელს ძალიან გაუხარდება იმ მონატრებული სახეების ნახვა, რომელთაც თავიანთი შემოქმედებითი გზა სწორედ ამ არხზე დაიწყეს – დიტო კუპატაძე, გიორგი კაკიაშვილი, გოგა შურღაია, ნინი მოხევიშვილი, სალიტა ჩუბინიძე, ნათია ბადირეიშვილი, „რეზო და ბავშვები“. გვყავს ახალი სახეები „მან-სან-კანიდან“, ანასტასია ფუტკარაძე და სხვები, რომელთა სატელევიზიო პრემიერაც შედგება.

როგორია მზადების პროცესი?

ყველაზე სასიამოვნო ამ გადაცემაში სწორედ მზადების პროცესია, ეს არის შემოქმედებითი მხარე, რომელიც ყოველთვის გვენატრება, რადგან ყველა ჩვენგანი „მან-სან-კანიდან“ მოდის. ვწერთ ხუმრობებს, ვარჩევთ, ვამატებთ მუსიკალურ მხარეს…

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ზე შენი და ლევანის დაბრუნებას…

ჩვენს მშობლიურ არხზე დაბრუნება ძალიან გვიხარია. „რუსთავი 2“-ზე შეიქმნა სატელევიზიო პროექტების მართვის ჯგუფი, რომელსაც ვხელმძღვანელობთ მე და ლევან გოგორელიანი. ყველაფერი, რაც კეთდება ფროდაქშენის მხარეს, ეხება ამ ჯგუფს. ის შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა პროექტს დავეხმაროთ.

რა მოლოდინები გაქვთ?

დაემთხვა ისე, რომ ახალი დირექტორი, ნინო შუბლაძე და ჩვენ ერთად მოვედით. შეიკრა ისეთი გუნდი, ვისაც ესმის ტელევიზია და ტელევიზიაშია დაბადებული (იღიმის). ჩვენი მთავარი მისიაა, დავუბრუნოთ „რუსთავი 2“-ს ძველი დიდება. გავხადოთ რეიტინგული და მაყურებლისთვის ისეთივე საყვარელი, როგორიც ადრე იყო.

ნინი მოხევიშვილი:

ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს პროექტთან დაკავშირებით. როცა დღეს საერთო მონახაზის მიხედვით გავიარეთ რეპეტიცია, მივხვდი, ისეთი გამოდის, რომ ხალხს ძალიან მოეწონება – ვფიქრობ, ყველა აიტაცებს ჩვენს სკეტჩებს და მუსიკალურ ნომრებს. იქნება ბევრი იუმორი, ძალიან ბევრი მუსიკალური ნომერი, კარგი განწყობა…

რეზო ბლიაძე:

ამ შოუში ყველაფერი იქნება ოდნავ მეტი. სახელიც ასე გაჩნდა – მეტი მუსიკა, მეტი შოუ. ამ დანაკლისის შესავსები გადაცემაა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი სპონტანურად შეიკრიბა ერთად. ბიჭები სულ ვხვდებოდით ერთმანეთს და ვამბობდით, რომ კარგი იქნებოდა ასეთი შოუს გაკეთება. გაგვათამამა იმან, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანი ერთად შეიკრიბა. ორიგინალური ნომრები, სტუმრის ორიგინალური წარდგენა ჩვენი გადაცემის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ყველა სტუმარს საუკეთესო მხარით წარმოვაჩენთ. შევასრულებთ ისეთ სიმღერებს, რომლებიც მაყურებელმა კარგად იცის.

მუსიკალურად ყველა გადაცემისგან განსხვავებული იქნება. პირველი გადაცემის რვა ნომრიდან ექვსი მუსიკალურია, ტიტრებიც კი – მუსიკალურია, ამასაც გიმღერებთ (იღიმის). ვფიქრობ, გადაცემით მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს სიმღერა. ჩვენ შევთავაზებთ ისეთ მუსიკალურ მხარეს, რომელიც ძალიან მოეწონებათ. ვცდილობთ, მაყურებელი ვასიამოვნოთ…

სალიტა ჩუბინიძე:

14-წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი სატელევიზიო სივრცეში. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პაუზა არც ყოფილა. ძალიან სასიამოვნო გარემოა ჩემთვის. პროექტს აშკარად აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, გახდეს მაყურებლის საყვარელი შოუ. ამას ვხედავ კულისებში, მალე მაყურებელსაც შევხვდებით და იმედი მაქვს, რომ სიახლეს პოზიტიურად მიიღებენ. რა თქმა უნდა, ყველაფერს მათთვის ვაკეთებთ. ძალიან გულწრფელად გეტყვით, ვარ ძალიან მადლიერი, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ვაჩვენო ჩემი უნარები. სულ მქონდა ამის დანაკლისი, ჩემთვის ეს მეორე სიცოცხლესავითაა. თავს ვგრძნობ ძალიან ლაღად…

ფოტო: „რუსთავი 2“, ნიკა მეტრეველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები