ლონდონის ადმინისტრაციის ისტორიული, 1973 წლის Rolls-Royce Phantom VI ელექტრომობილად გადააკეთეს. პროექტზე ბრიტანულმა კომპანია Electrogenic-მა იმუშავა, ხოლო ავტომობილი კვლავ ოფიციალურ და საზეიმო ღონისძიებებში გამოიყენება. ინიციატივა ქალაქის ადმინისტრაციის 2027 წლისთვის ნულოვანი ემისიების მიზნის ნაწილია.
Phantom VI 1968-1990 წლებში იწარმოებოდა და სულ 374 ეგზემპლარი გამოუშვეს. კონკრეტულ ავტომობილს თავდაპირველად 6.2 ლიტრიანი V8 ძრავა, ორი კარბურატორი და ოთხსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.

ახლა ავტომობილი 120 კილოვატიან ელექტროძრავას იყენებს, რომელიც დაახლოებით 163 ცხენის ძალას და 300 ნიუტონმეტრ ბრუნვის მომენტს ავითარებს. ენერგიას 62 კვტ·სთ სიმძლავრის ბატარეა უზრუნველყოფს, რომლის საშუალებითაც Phantom VI ერთი დამუხტვით რეალურ პირობებში დაახლოებით 160-190 კილომეტრს გადის.
ელექტრიფიკაციის მიუხედავად, კლასიკური Rolls-Royce-ის გარეგნობა და ინტერიერი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. Electrogenic-ის განცხადებით, ძარა არ გაუჭრიათ, არ გაუბურღავთ და არ შეუდუღებიათ, რის გამოც მოდიფიკაცია მომავალში სრულად შექცევადია და ავტომობილს ორიგინალურ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლია.

ავტომობილს ორი მართვის რეჟიმი აქვს. ჩვეულებრივი რეჟიმი ქალაქში უფრო დინამიკური გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო „Ceremonial“ რეჟიმი ელექტროძრავის სიმძლავრესა და ბრუნვის მომენტს ამცირებს და აქსელერატორის რეაქციას ამშვიდებს, რათა მანქანამ საზეიმო მსვლელობისთვის საჭირო ნელი და ელეგანტური სვლა შეძლოს.
ბატარეა 100 კვტ-მდე სიმძლავრის სწრაფ დამუხტვასაც უჭერს მხარს. საჭიროების შემთხვევაში, დიდი ზომის ძარის გამო ბატარეის მოცულობის გაზრდაც შესაძლებელია, რაც ავტომობილის სავალ მარაგს კიდევ უფრო გაზრდის.