ამერიკული სტარტაპი REO Industries ახალ, შედარებით იაფფასიან პიკაპებსა და SUV-ს ამზადებს, რომელთა დიზაინზეც ცნობილი ავტომობილების დიზაინერი ფრენკ სტივენსონი იმუშავებს. სტივენსონს სხვადასხვა დროს შექმნილი აქვს McLaren P1-ის, Ferrari F430-ისა და Maserati MC12-ის ექსტერიერის დიზაინი.
REO Industries ავტომობილების ახალ ოჯახს Runabout-ს უწოდებს. წინასწარი გეგმის მიხედვით, ხაზში სამი ჩარჩოიანი მოდელი შევა – ორი პიკაპი და ერთი SUV. სამივე ერთიან პლატფორმაზე იქნება აგებული და ოთხ ცილინდრიან, მარტივი კონსტრუქციის შიდა წვის ძრავას მიიღებს.

ორი პიკაპიდან ერთს ორკარიანი, მეორეს კი ოთხკარიანი კაბინა ექნება. SUV-ის სალონში კი ექვსი ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი.

მწარმოებელი ავტომობილების დაბალ ფასს კონსტრუქციის მაქსიმალური გამარტივებით გეგმავს. Runabout-ის მოდელებს მინიმალისტური, კუთხოვანი დიზაინი და ნაკლებად დატვირთული ინტერიერი ექნებათ, სადაც ციფრული ფუნქციების რაოდენობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ავტომობილის შეკეთების სიმარტივესაც. პიკაპებისა და SUV-ის სალონის ზოგიერთი პანელი მოხსნადი იქნება და მათი დემონტაჟი, კომპანიის განცხადებით, მარტივი ხელსაწყოს გამოყენებით რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი. REO Industries ასევე აცხადებს, რომ Runabout-ის კონსტრუქცია 800 ათას კილომეტრზე მეტი გარბენის გასაძლებად იქნება გათვლილი.

კომპანია ავტომობილების სავარაუდო ფასად 21,5-28,5 ათას დოლარს ასახელებს. წარმოების დაწყება ტეხასის შტატში იგეგმება.
Runabout-ის მოდელების ონლაინ პრემიერა წლის ბოლოსკენ არის დაგეგმილი, ხოლო პიკაპებისა და SUV-ის ექსტერიერის პირველი დეტალების ჩვენებას კომპანია ნოემბერში აპირებს. სერიული ავტომობილების მიწოდება კი, საუკეთესო შემთხვევაში, 2028 წლის ბოლოს დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ მანქანები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, კომპანიამ დაახლოებით 32,5 ათასი განაცხადი უკვე მიიღო.