LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ს კროსოვერებისთვის ცურვის სწავლება სურს

125
ქირიას NEWS შაბლონი (1)

Mercedes-Benz-მა გერმანიის საპატენტო უწყებაში ტექნოლოგიის განაცხადი შეიტანა, რომელიც მომავალში მის ავტომობილებს წყალში გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. იდეა მხოლოდ ღრმა წყლის გადალახვას არ გულისხმობს – საუბარია ავტომობილის წყალში მართვაზე.

პატენტის მიხედვით, ავტომობილის კორპუსში სპეციალური შემავსებლები განთავსდება. მათი ნაწილი ქაფის მსგავსი მასალისგან იქნება დამზადებული, ნაწილი კი გასაბერი კამერების სახით. წყალში ჩასვლამდე კამერების ჰაერით გაბერვა ავტომობილს დამატებით ამოტივტივების ძალას მისცემს, ხოლო ხმელეთზე დაბრუნების შემდეგ მათი დაცლა იქნება შესაძლებელი.

სისტემის ერთ-ერთი საინტერესო თავისებურება ისაა, რომ წყალზე გადაადგილებისთვის დამატებითი პროპელერები საჭირო არ იქნება. ავტომობილის მოძრაობას ჩვეულებრივი ბორბლების ბრუნვა უზრუნველყოფს, მიმართულების შეცვლა კი საჭის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

Mercedes-Benz ასევე გეგმავს ადაპტირებული საკიდარის გამოყენებას. მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება წყალში ბორბლების ჩაძირვის სიღრმის რეგულირება, რაც საჭის მართვას უფრო ზუსტს გახდის. ელექტრომობილებში კურსის სტაბილურობის შენარჩუნება ბორბლების ბრუნვის მიმართულებისა და მომენტის ცვლილებითაც შეიძლება.

ამგვარად, გერმანული ბრენდის იდეა კლასიკური ამფიბიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება: ავტომობილს არც პროპელერები ექნება და არც ცალკე საზღვაო ძრავა. ძირითადი კონსტრუქცია კროსოვერისთვის ჩვეულებრივი დარჩება, ხოლო წყალში გადაადგილებისთვის საჭირო შესაძლებლობები დამატებითი სისტემებით შეიქმნება.

ჯერჯერობით უცნობია, გადაიქცევა თუ არა ეს ტექნოლოგია რეალურ სერიულ პროდუქტად. Mercedes-Benz-ის მიერ შეტანილი პატენტი მხოლოდ ტექნიკური კონცეფციის დაცვას ნიშნავს და არ ადასტურებს, რომ კომპანია მცურავი ყველგანმავლების წარმოებას ნამდვილად დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები