Porsche-მ და ბრიტანულმა კომპანია Hedley Studios-მა ლეგენდარული 550 Spyder-ის შემცირებული ელექტრონული ვერსია შექმნეს. საკოლექციო Porsche 550 J ორიგინალი სპორტქარის დაახლოებით 80%-იანი მასშტაბის ასლია და მისი საწყისი ფასი დაახლოებით 81 ათასი ევროა.
Porsche 550 J სპეციალურად Porsche Motorsport-ის 75 წლის იუბილესთვის შეიქმნა. ავტომობილი ოფიციალურად ლიცენზირებული პროექტია და მისი წარმოება მხოლოდ 250 ეგზემპლარით შემოიფარგლება.

მიუხედავად სათამაშოს მსგავსი ზომებისა, მოდელი სრულფასოვანი ელექტრომობილია. მისი სიგრძე დაახლოებით 2,9 მეტრია, სიგანე – 1,2 მეტრი, ხოლო სალონში ორი ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. კონსტრუქციაში გამოყენებულია ფოლადის სივრცული ჩარჩო და ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული ძარა. ავტომობილის მასა დაახლოებით 330 კილოგრამია.
Porsche 550 J-ს 48 ვოლტიანი ელექტროსისტემა ამოძრავებს. სტანდარტულ ვერსიაში ძრავის სიმძლავრე 11 ცხენის ძალაა, ხოლო დამატებითი RS პაკეტით მაჩვენებელი 22 ცხენის ძალამდე იზრდება. ამ შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღწევს, სვლის მარაგი კი დაახლოებით 80 კილომეტრია.

პროექტის შესაქმნელად Porsche-მ Hedley Studios-ს საკუთარი არქივისა და ორიგინალი ნახაზების გამოყენების საშუალება მისცა. მთლიანობაში მოდელისთვის 1 300-ზე მეტი კომპონენტი შეიქმნა. აღჭურვილობაში შედის რეგულირებადი საკიდარი, Eibach-ის ზამბარები და Brembo-ს მუხრუჭები.

თითოეული Porsche 550 J ხელით შეიქმნება. მომხმარებლებს ავტომობილის პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობებიც ექნებათ – ხელმისაწვდომი იქნება Porsche-ს ისტორიული და თანამედროვე ფერები, სარბოლო ლივრეები და ინდივიდუალური შეფერილობის შეკვეთის შესაძლებლობა. პირველი ავტომობილების მიწოდება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება.