ახმეტაში ექიმი ნევროპათოლოგი, მაია კოხტაშვილი პაციენტის მიმართვის საფუძველზე დააკავეს.
„კახეთის ხმის“ ინფორმაციით, ექიმს მესამე პირზე რეცეპტის გაწერას ედავებიან. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, “მივიდა ადამიანი ვინც უთხრა რომ დედამისი იყო ჩავარდნილი და აუცილებლად სჭირდებოდა წამალი, რადგან დედამისი ვერ მოდიოდა პირადად ტკივილების გამო. ექიმს შეეცოდა და გაუწერა“, – დაკავების მიზეზიც ეს გახდა.
აღნიშნულს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მხარდაჭერას უცხადებს მაია ექიმს, როგორც ღირსეულ ქალბატონს და თვლის, რომ მაია ექიმი სასამართლო დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს.
„მჯერა, რომ ის, რაც დღეს ხდება, დიდი შეცდომაა. მაია ექიმი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასამართლოს დარბაზიდან!
ჩემი სრული მხარდაჭერა მას როგორც ექიმს, როგორც ქალს და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ღირსეულ ადამიანს.
თავისუფლება მაია ექიმს! ❤️“, – წერს მარიამ კუბლაშვილი.
