ევროკავშირში სახლიდან მუშაობა პანდემიის დასრულების შემდეგაც მყარად დამკვიდრდა. Eurofound-ის ახალი კვლევის მიხედვით, 2024 წელს დასაქმებულთა 22% სახლიდან მუშაობდა სულ მცირე რაღაც პერიოდით მაინც; თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე 2015 წელს, როდესაც მაჩვენებელი 8% იყო.
დისტანციური მუშაობის მხრივ ლიდერობს ლუქსემბურგი, სადაც დასაქმებულთა 41% სახლიდან მუშაობდა. მას მოსდევს ნიდერლანდები და შვედეთი – 38%-38%. ეს მონაცემები მოიცავს როგორც სრულად დისტანციურ, ისე პერიოდულად სახლიდან მუშაობას.
ევროკავშირის მასშტაბით სხვაობა ქვეყნებს შორის საკმაოდ დიდია. მაგალითად, 2024 წელს დისტანციურად მუშაობდა დასაქმებულთა მხოლოდ 8% ბულგარეთში, 7% უნგრეთში, 6% იტალიაში და 4% რუმინეთში. შესაბამისად, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში სახლიდან მუშაობა ბევრად უფრო გავრცელებულ პრაქტიკად იქცა.
ცალკე Eurostat-ის მონაცემებიც აჩვენებს მსგავს სურათს: 2025 წელს ევროკავშირის დასაქმებულთა დაახლოებით 9% ჩვეულებრივ, ანუ სამუშაო დღეების მინიმუმ ნახევარს, სახლიდან მუშაობდა. ამ მაჩვენებლით ფინეთი ლიდერობდა 20.5%-ით, შემდეგ მოდიოდა ირლანდია 19.2%-ით, ნიდერლანდები 16.4%-ით და შვედეთი 15.6%-ით.
დისტანციური მუშაობის გავრცელებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – მომსახურებისა და ტექნოლოგიური სექტორების დიდი წილი, განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურა და კომპანიებში უფრო მოქნილი სამუშაო კულტურა. მაგალითად, ნიდერლანდებში 2025 წელს კომპანიების დაახლოებით 80% თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევდა.

თუმცა სახლიდან მუშაობას მხოლოდ დადებითი ეფექტი არ აქვს. Eurofound-ის კვლევის მიხედვით, მოქნილი სამუშაო გრაფიკი ხშირად აუმჯობესებს სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსს, თუმცა არსებობს რისკებიც – სამუშაო საათების გახანგრძლივება, არარეგულარული გრაფიკი და თანამშრომლებთან სამუშაო დროის მიღმაც დაკავშირება.
ტენდენცია მიუთითებს, რომ ჰიბრიდული და დისტანციური მუშაობა ევროპული შრომის ბაზრის დროებითი რეაქცია აღარ არის. კომპანიებისთვის ის უკვე სამუშაოს ორგანიზების გრძელვადიან მოდელად იქცა, ხოლო ქვეყნებს შორის განსხვავება აჩვენებს, რამდენად განსხვავებულად ვითარდება ახალი სამუშაო კულტურა ევროკავშირის მასშტაბით.