პოლონეთის ქალაქში ნარჩენების გადამუშავების ახალი პროექტი დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკვე განთავსდა ოთხი სკამი, რომელიც პოლიეთილენის ფირისა და გამოყენებული სასმლის შეფუთვისგან დამზადდა.
ახალი მასალის შესაქმნელად ნარჩენებს ჯერ აქუცმაცებენ, შემდეგ კი მაღალ ტემპერატურაზე პრესავენ. შედეგად მიიღება გამძლე კომპოზიტური ფილები, რომელთა შემადგენლობაშიც დაახლოებით 70% გამოყენებული შეფუთვა, ხოლო 30% პოლიეთილენია.
ტექნოლოგია პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია რთულად გადამუშავებადი ნარჩენების გამოყენება. მათ შორისაა სასმელებისა და რძის მრავალშრიანი შეფუთვები, რომლებიც რამდენიმე განსხვავებული მასალისგან შედგება, მათ შორის პლასტმასისა და ალუმინისგან.
მეცნიერების მიერ შექმნილი მასალის გამოყენება მხოლოდ სკვერის სკამებით არ შემოიფარგლება. მისგან შესაძლებელია ქალაქის და ბაღის ავეჯის, სამშენებლო ფილებისა და სხვა კონსტრუქციების დამზადება. ასევე განიხილება მისი გამოყენება სატვირთო ავტომობილების, მისაბმელებისა და სარკინიგზო ვაგონების იატაკის დასაფარად.

პოლონეთში ამჟამად მუნიციპალური ნარჩენების დაახლოებით 53% გადამუშავდება, თუმცა ქალაქის ხელისუფლება ამ მაჩვენებლის ეტაპობრივად გაზრდას გეგმავს. ახალი მასალის გამოყენება ქალაქში მხოლოდ საცდელ პროექტად არ განიხილება – ადგილობრივი ხელისუფლება მომავალში მის სხვა ბაზრებზე გაყიდვასაც გეგმავს.
პოლონეთის ქალაქის პროექტი ცირკულარული ეკონომიკის პრინციპს ეფუძნება: ნარჩენი, რომელიც ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე ან გადამუშავების რთულ ჯაჭვში მოხვდებოდა, ახალ პროდუქტად გარდაიქმნება. მსგავსი მიდგომა ევროპის სხვა ქვეყნებშიც ვითარდება – მაგალითად, სხვადასხვა ქალაქში სკამებს უკვე ამზადებენ ძველი ტანსაცმლისგან, გადამუშავებული ბეტონისა და პლასტმასის ბოთლების თავსახურებისგან.