LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche Cayenne Turbo GT კიდევ უფრო სწრაფი გახდება

121
ქირიას NEWS შაბლონი (2)

Porsche ყველაზე სპორტული ბენზინის კროსოვერის, Cayenne Turbo GT-ის კიდევ უფრო ექსტრემალურ ვერსიაზე მუშაობს. ახალი მოდიფიკაცია ნიურბურგრინგზე ტესტირებისას უკვე დააფიქსირეს და გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი დამატებით Weissach პაკეტს მიიღებს, რომელიც მის დინამიკურ მახასიათებლებს გააუმჯობესებს. ახალი ვერსიის პრემიერა შესაძლოა უკვე 2026 წლის ბოლომდე გაიმართოს.

მოსალოდნელია, რომ ძრავის სიმძლავრე არსებული ვერსიისგან არ შეიცვლება. Cayenne Turbo GT-ს 4.0 ლიტრიანი V8 აქვს, რომელიც 659 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე 3.3 წამში აჩქარდება. ახალი Weissach პაკეტის მთავარი მიზანი სწორედ ამ უკვე მძლავრი ავტომობილის შასისა და კორპუსის ოპტიმიზაცია იქნება.

Porsche, სავარაუდოდ, კროსოვერის აეროდინამიკას გააუმჯობესებს. სატესტო პროტოტიპზე ახალი დეტალები მკაფიოდ არ ჩანს, რადგან ისინი სპეციალურად არის შენიღბული, თუმცა ცვლილებები შეინიშნება როგორც წინა და უკანა ბამპერების, ისე განათების ნაწილში. საბოლოო ავტომობილს შესაძლოა უფრო ეფექტური აეროდინამიკური ელემენტები ჰქონდეს, რომლებიც მაღალი სიჩქარით სტაბილურობას გააუმჯობესებს.

Weissach პაკეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წონის შემცირება იქნება. სატესტო ავტომობილზე შესაძლოა გამოყენებული იყოს კომპოზიტური მასალებისგან დამზადებული ალტერნატიული კორპუსის პანელები, მათ შორის სახურავის, კაპოტისა და ფრთების ნაწილები. ავტომობილის მასის შემცირება კი აჩქარებასთან ერთად დამუხრუჭებასა და მოსახვევებში მართვაზეც დადებითად აისახება.

განახლებული იქნება სავალი ნაწილიც. Porsche-ს ინჟინრები დაკიდების პარამეტრებს გადაამუშავებენ, რათა Cayenne Turbo GT უფრო სწრაფი რეაქციებითა და უკეთესი მანევრულობით გამოირჩეოდეს. შესაბამისად, Weissach პაკეტი მხოლოდ ვიზუალური ცვლილებების ნაკრები არ იქნება და ავტომობილის შესაძლებლობებსაც გააუმჯობესებს.

Cayenne Turbo GT განსაკუთრებით საინტერესოა იმითაც, რომ ის ელექტრო ან ჰიბრიდული დანამატის გარეშე დარჩა. მაშინ როცა Porsche-ს უკვე აქვს Cayenne Turbo Electric, რომლის სიმძლავრეც 1 150 ცხენის ძალას აჭარბებს, Turbo GT კვლავ ტრადიციულ V8 ძრავზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ ახალი Weissach ვერსია შესაძლოა ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სპორტულ კროსოვერად დარჩეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები