ესტონეთი 2026 წელს საცხოვრებლად გადასასვლელად მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნად დასახელდა. Rumavi Global Relocation Index-ის რეიტინგში ქვეყანამ 192 სახელმწიფოსა და ტერიტორიას შორის პირველი ადგილი დაიკავა და განსაკუთრებით მაღალი შეფასება საბანკო სისტემის, ბიზნესგარემოს, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების მიმართულებით მიიღო.
რეიტინგი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Rumavi-მ შეადგინა და ქვეყნები 24 კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა. მათ შორის იყო ცხოვრების ღირებულება, გადასახადები, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, კლიმატი, განათლება, ინგლისური ენის ცოდნა და უცხოელებისთვის მუდმივი ცხოვრების უფლების მიღების შესაძლებლობები.
ესტონეთის საერთო შეფასებამ 100-დან 72.8 ქულა შეადგინა. ყველაზე ძლიერი შედეგი ქვეყანამ საბანკო და სავალუტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით აჩვენა – 98.9 ქულა, ბიზნესშესაძლებლობებში კი 96 ქულა მიიღო. ასევე მაღალი იყო ქულები უცხოელებისთვის უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებაში.

ესტონეთმა განსაკუთრებული შედეგი აჩვენა ოჯახებისთვისაც და ამ კატეგორიაში მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. მეწარმეებისთვის ქვეყანა მეორე ადგილზე გავიდა, ციფრული ნომადებისთვის – მეექვსეზე, პენსიონერებისთვის კი მეცხრე პოზიცია დაიკავა.
თუმცა რეიტინგის ლიდერ ქვეყანას სერიოზული მინუსებიც აქვს. ესტონეთმა კლიმატური კომფორტისთვის მხოლოდ 20 ქულა მიიღო – მიზეზად ცივი, გრძელი და ბნელი ზამთარი სახელდება. ცხოვრების ღირებულების მიმართულებითაც ქვეყანა ლიდერი არ არის და 62 ქულა მიიღო.
ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილზე სინგაპური გავიდა 72.6 ქულით, მესამე კი მალაიზია იყო 72 ქულით. ხუთეულში ასევე მოხვდნენ პორტუგალია და ტაივანი. ევროპაში ესტონეთის შემდეგ საუკეთესო შედეგი პორტუგალიას ჰქონდა – მეოთხე ადგილი, ხოლო ლიეტუვამ მეექვსე, ჩეხეთმა მეცხრე და მალტამ მეათე პოზიციები დაიკავეს.
რეიტინგის შედეგები მიუთითებს, რომ უცხოელებისთვის მიმზიდველი ქვეყანა მხოლოდ დაბალი ხარჯებით ან კარგი კლიმატით არ განისაზღვრება. ესტონეთის შემთხვევაში პირველ ადგილზე გასვლას ხელი შეუწყო სტაბილურმა საბანკო სისტემამ, ბიზნესის დაწყების შესაძლებლობებმა, უსაფრთხოებამ, ციფრულმა სერვისებმა და უცხოელებისთვის საკუთრების დაცვის მექანიზმებმა.