რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ტატო გოდერძიშვილი და მარიტა ხვედელიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „მოფერების გარეშე“ რადიო პრემიერა შედგა.
მოგვიყევით თქვენს შემოქმედებით სიახლეებზე.
ტატო: დღესდღეობით, მარიტა არის „The Bookmarks“ წევრი და სოლისტი და ამ ადამიანებმა ცოტა ხნის წინ თავდაყირა დააყენეს ამერიკა, ჯერ მოიგეს გერმანია, შემდეგ ავსტრია, საკმაოდ სერიოზული ფესტივალი და ცოტა ხნის წინ, ამერიკა.
მეც ვიყავი ლას-ვეგასში და 22-ე საერთაშორისო ფესტივალი მოვიგე. ვიმღერე კარუზო და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან, ძალიან დიდი ოვაცია და მოწონება დაიმსახურა. აპლოდისმენტებით, ხალხის ფეხზე ადგომით და ბრავო-ბისით დასრულდა ეს ჩემი გამოსვლა. მიმატრიალეს და კიდევ ერთხელ ვიმღერე ბოლო მონაკვეთი. მერე, როგორც ყოველთვის, ჩემი ქვეყნის დროშა გავშალე და ამაყად ვაფრიალე.
ამ ფესტივალზე ყველაზე ეფექტური მომენტი იცით რა იყო?! მე თვითონ შევეცადე და დავგეგმე ისე, რომ პირველი სტროფი თავისი მისამღერით ვიმღერე მიკროფონით, მეორე სტროფიც მიკროფონით და მეორე მისამღერზე მიკროფონი დაბლა დავუშვი და უმიკროფონოდ შევასრულე… აი ამ დროს მოხდა ფურორი ზუსტად, რადგან არ ელოდნენ, რომ უმიკროფონოდ ვიმღერებდი.

მარიტა, არაერთ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორ ფიქრობ, ყველაზე კომფორტულად რომელი სიმღერის შესრულებისას იგრძენი თავი და ჩათვალე, რომ გაგიმართლა, რომ ამ სიმღერის შესრულება მოგიწია?
მარიტა: მაგალითად, „Journey to the Past“ მართლა ჯდება ჩემს ხასიათში და ვფიქრობ, რომ ჩემს ხმას უხდება. ეს სიმღერა „რანინაში“ შევასრულე.
ასევე, „მშვენიერმა მაისმა“, რომელიც ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ვიმღერე, ერთ-ერთი გამორჩეული ნომერი იყო.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მოფერების გარეშე“, ვის ეკუთვნის იდეა?
მარიტა: იდეა ერთობლივი იყო, მაგრამ ინიციატივა უფრო ტატოსი იყო.
ტატო: უძვირფასესი, უნიჭიერესი კომპოზიტორის, ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედებითი საღამოსთვის მომზადდა და ჩაიწერა ეს სიმღერა. ლექსიც და მუსიკაც ბატონ ნუგზარ ერგემლიძეს ეკუთვნის, არანჟირება გია მაჭარაშვილს. მადლობა მას ამ არაჩვეულებრივი სიმღერისთვის.

როგორი რეაქცია მოჰყვა სიმღერის სატელევიზიო პრემიერას?
ტატო: ძალიან კარგი, ძალიან მოეწონათ. ძალიან ბევრმა გვითხრა და გვისურვა, რომ ასე გაგვეგრძელებინა. რატომღაც, არაჩვეულებრივად უხდება, თურმე, ჩვენი ტემბრები ერთმანეთს და ამ ერთი სიმღერით არ უნდა შემოვიფარგლოთ და ასეც ვაპირებთ.

როგორია სამომავლო გეგმები, შემდეგი კონკურსი რა იგეგმება?
მარიტა: ისევ ამერიკა. „The Bookmarks“ ვგულისხმობ, სწორედ მათთან ერთად ვიპყრობ ახლა მწვერვალებს. რა თქმა უნდა, მაქვს სოლო კარიერაც.
ტატო: მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი ბავშვები არიან. მე რამდენჯერმე დავესწარი მათ რეპეტიციას და ეს ადამიანები ისეთ ხმებს მღერიან, რომ მე ცხოვრებაში ვერ ვიმღერებ, ალბათ. ტექნიკური თვალსაზრისით, ძალიან მაგრები არიან.
რაც შემეხება მე, ვმუშაობ რამდენიმე ახალ სიმღერაზე, მათ შორის, უნიჭიერესი გია მაჭარაშვილის სიმღერაზე. მაიკო კაჭკაჭიშვილის ორი სიმღერა მაქვს ჩასაწერი, ასევე ერთი სოფი რაფაელას ძალიან კარგი სიმღერა. კიდევ, გოჩა იაშაღაშვილის სიმღერა უნდა ჩავწეროთ. სხვათა შორის, გიამ დამიწერა ხუთი სიმღერა, თუ მეტი არა… ერთი უკვე ჩავწერე და ახლა მეორე სიმღერას მივადექი. მინდა გითხრათ, რომ კონტრასტულად განსხვავებული ჟანრებია.
ტატო გოდერძიშვილი & მარიტა ხვედელიძე – მოფერების გარეშე
გადაცემის აუდიოჩანაწერი