რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მარიამ ელიეშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის ამერიკულ ცხოვრებაზე, კარიერულ სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი ნამუშევარი „ჩემო სულის ნაწილო“ გაუზიარა.
მარიამ, როგორ შეეგუე ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლას?
ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილება მოხდა. ფსიქოლოგიურად შეგუებული ვიყავი, რომ პირველი პერიოდი რაღაც მცირედი პაუზა იქნებოდა ჩემს კარიერაში, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში, საბედნიეროდ, ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, ოჯახის შექმნა და შემდეგ უკვე, ამ ყველაფრის დაგვირგვინება, პატარა საბას გაჩენით, რომ ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი რამ შევასრულე ცხოვრებაში. ამ ეტაპზე, კარიერისთვის არაფერი დამიკლია და ვფიქრობ, რომ კარიერაში ამაზე მნიშვნელოვანს ნამდვილად ვერ გავაკეთებდი, შესაბამისად, ეს დანაკლისი არ მაქვს, თუმცა პაუზა გამოვიდა ორ წლიანი, რადგან 2024 წელს წავედი ამერიკაში, ამიტომ ეს პაუზა რომ ამენაზღაურებინა, ჩემი ეს ვიზიტი საკმაოდ დატვირთული გამოვიდა, რადგან დავგეგმე, რომ ახალი სიმღერები ჩამეწერა და პრემიერა ტელე და რადიო სივრცეში გამეშვა.
პირველმა წელმა საბას მოლოდინში გაიარა. ჩემი ორსულობის პერიოდი საკმაოდ ლამაზი იყო, პირველ რიგში, ახალი სიცოცხლის მოლოდინში და ასევე, ჩემს მეუღლესთან ერთად სხვადასხვა შტატებში დავდიოდი, ასე რომ, მოგზაურობა ნამდვილად არ მაკლდა, სანამ შეიძლებოდა და შემეძლო.
ჩემი ყოველდღიურობა, როგორც ყველა მცირეწლოვნის დედისა, არის თავიდან ბოლომდე მოცული საბას ყოველდღიურობით. ჩემივე გადაწყვეტილება იყო, რომ საბას აღზრდაზე პირველივე დღიდანვე თავადვე ამეღო მთლიანად პასუხისმგებლობა.
ვფიქრობ, ყველა როგორ მშობელსაც ვუყურებთ სახლში, ისეთივე ვხდებით. ალბათ, არიან განსხვავებული შვილებიც, მაგრამ ძალიან, ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული დაბადებიდან დღემდე დედასთან… არის ჩემი უახლოესი მეგობარი, საუკეთესო მრჩეველი და ყველაზე დიდი კრიტიკოსი, ასე რომ, მისი თვისებები, რა თქმა უნდა, აღებული მაქვს.

დედა-შვილი როგორ შეეგუეთ ერთმანეთის გარეშე ყოფნას?
ამას ყველა გვეკითხება… (იცინის).
მადლობა ღმერთს, რომ დედას აქვს ვიზა და შეუძლია ჩამოსვლა. ჩემი წასვლის შემდეგ, ძალიან ხშირად ჩამოდის ხოლმე და გარკვეული პერიოდით რჩება, ხან რამდენიმე თვით და საბედნიეროდ, მადლობა უფალს, ამის დანაკლისი არ მაქვს. ხანდახან, მამაც ახერხებს ხოლმე ჩამოსვლას და ჩემს ძმასაც პერიოდულად ვხვდები, ყველა თავისი გრაფიკიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად დედას უხერხდება ხოლმე. მე მგონი, ჩემზე მეტად ახლა საბას უნახაობა ვერ გამოვა. ჩემს მიმართ სიყვარული გაუორმაგდა საბაში და მე სულ რომ არ ვენატრებოდე, რაც წარმოუდგენელია, საბა იმდენად ძალიან ენატრება, რომ ყოველთვის გვაქვს ტრადიცია და პერიოდულად ჩამოდის. ახლა, მეც გავხსენი ეს გზა და ვივლით ხოლმე აქეთ-იქეთ.

ამერიკაში რამდენად იმართება ხოლმე ქართული ღონისძიებები და თავად თუ იღებ მონაწილეობას?
როგორც გითხარით, ჩემი გრაფიკი თავიდან ბოლომდე პატარას მოიცავს, რადგან იზრდება უცხო ქვეყანაში და ძალიან მინდა, რომ ქართული ტრადიციები, ქართული წერა-კითხვა, ქართული ძალიან კარგად ესმოდეს. წარმოუდგენელია, რომ იქ არ ისწავლოს ინგლისური და რა თქმა უნდა, ისწავლის, მაგრამ ოჯახის წევრები სულ ქართულად ვსაუბრობთ. საბა იზრდება ძალიან ქართულ გარემოში. ამ გრაფიკის პარალელურად, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა დავუბრუნდი ჩემს კარიერას. ამერიკის სხვადასხვა შტატში ხშირად იმართება ხოლმე ღონისძიებები. ქართული აუდიტორია საკმაოდ დიდია. იქ არის ქართული ცეკვები, სიმღერები, არის ქართული კულტურის ცენტრი. იქ ასწავლიან ქართულ წერა-კითხვას. ტარდება ქართული ღონისძიებები, საეკლესიო დღესასწაულები აღინიშნება და მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ.
შენი მეუღლე არ მღერის?
ჩემი მეუღლე არ მღერის, მაგრამ ძალიან კარგი მსმენელი, ძალიან კარგი მრჩეველია და ძალიან უყვარს, ზოგადად, ხელოვნება. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მსმენელი და ძალიან დიდი გულშემატკივარია. ჩემი მეუღლის დიდი სურვილი იყო, რა თქმა უნდა, ჩემიც, რომ როგორც კი საქართველოში ჩამოვიდოდი, ჩემი მონატრებული კარიერა გამეხსენებინა, ჩემს მონატრებულ მსმენელებთან ისევ მქონოდა შეხება და სიახლე შემეთავაზებინა მათთვის.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ჩემო სულის ნაწილო“.
მივუძღვენი ჩემს მეუღლეს. არ იცოდა, რომ ერთ-ერთი სიმღერა განსაზღვრული მქონდა, რომ კონკრეტულად მისთვის მიმეძღვნა, ამიტომ მოულოდნელად სიურპრიზი გავუკეთე. მინდოდა, მადლობა გადამეხადა ყველაფრისთვის. მგონი, საკმაოდ ლამაზი, სალაღობო სიმღერა გამოვიდა. ტექსტი არის ჩემი და ნონა მულაძის. მუსიკა ნონა მულაძეს ეკუთვნის. არანჟირება ბექა გაბუნიას სტუდიაში არის გაკეთებული.
ალბომის გამოშვებას ან რაიმე ღონისძიებას ხომ არ გეგმავ?
ჯერჯერობით გეგმაში არ მაქვს, მაგრამ სამომავლოდ, შესაძლებელია. დამიგროვდა სიმღერები, რომლებიც შეიძლება, რომ ალბომად შეიკრას, მაგრამ ჯერ მინდა, რომ სინგლები გამოვუშვა.
მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე სიმღერაზე. აღარ მოვანატრებ მსმენელს თავს…
მე ძალიან მიყვარს ჩვენი სამშობლო, ყოველთვის მეამაყება საიდან მოვდივარ, მეამაყება თითოეული განვლილი ნაბიჯი, თუ საიდან სად წავიდა ჩემი ცხოვრება, ჩემი კარიერა და ა.შ. ყოველთვის მინდა, რომ ვიყო ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი. ვეცდები, რომ მაქსიმალურად ლამაზად გავაცნო უცხო ქვეყნებს, რაც კარგი გვაქვს. ნებისმიერ ადამიანი, ვისაც შეხება აქვს ჩვენს კულტურასთან აღფრთოვანებულია. ერთ-ერთ პატარა წვლილს თუ შევიტან, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად გვიზიარებ ხოლმე შენს პატარასთან და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს. პატარა რამდენად მუსიკალურია?
ძალიან უყვარს წიგნებთან ურთიერთობა, ხელოვნება, მუსიკა. სახლში გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი და ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა მუსიკას.
სხვათა შორის, ყველა ჩაწერაზე ჩემთან ერთად დადის, სტუდიაში ჩემთან ერთად არის, ტელევიზიებშიც რამდენიმეში იყო ჩემთან ერთად.
სოციალურ ქსელში საბას ვიდეოები საკმაოდ პოპულარულია. ძალიან სახალისოა ის, რომ ქუჩაშიც ჯერ ბავშვს ცნობენ და შემდეგ, მე.
მარიამ ელიეშვილი – ჩემო სულის ნაწილო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მარიამ ელიეშვილი – მინდა გაკოცო. Live
მარიამ ელიეშვილი. “პრემიერა თაკოსთან”