LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო კენჭიაშვილის წარმატება ჩინეთში და პირველი ქართულ-ჩინური კოლაბორაცია – „ჩემი ქვეყნის სახელი, კულტურა და სიყვარული ჩავიტანე და ვაჩვენე… დამსწრე საზოგადოებას ცრემლები მოსდიოდათ“

325
დათო-კენჭიაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ დათო კენჭიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საერთაშორისო პროექტებზე და წარმატებებზე, პირველ ქართულ-ჩინურ კოლაბორაციაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში ნამუშევრების „ანათებს“ და „ჯეირანი“ პრემიერა შედგა.

დათო, მოგვიყევით თქვენს სტუდიაზე – „თაობა“.

დაახლოებით, 17-18 წელია, რაც სტუდია „თაობა“ არსებობს. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვედექით ამ საქმეს. სტუდიის მთავარი ბაზა და ცოდნა, რაც უნდა გადავცეთ, ეს არის ხალხური, ეს არის ფოლკლორი, თუმცა ახლა, ცოტა განსხვავებულ გზაზე წავედით, ეს ჩვენი ფოლკლორი და ტრადიციული ჟღერადობა, გვინდა, რომ მივაწოდოთ ახალი ხედვით, ანუ თანამედროვე ინსტრუმენტებით.

როგორც ვიცი, ახალი პროგრამა გაქვთ…

კი, ჩვენ ახალი პროგრამა გვაქვს, ძალიან ბევრ პროექტზე ვმუშაობთ კიდევ და ძალიან გვიჭირს, იმდენი პროექტი გვაქვს გასაკეთებელი.

ახლა, ახალი სეზონია, შესაბამისად, ალბათ, მიღებაც გაქვთ სტუდიაში…

დიახ, რა თქმა უნდა, მიღება გვაქვს.

ჩვენს სტუდიაში, პირველ რიგში, ისწავლება ქართული ნაციონალური ინსტრუმენტი, როგორიც არის ფანდური, ხვიჩა ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე გარმონი, რომელიც ძალიან სპეციფიკური, ძალიან რთულია, მაგრამ თომა ბაღდავაძის ხელმძღვანელობით ყოველთვის გვაქვს მიღება. ისწავლება ჩასაბერი, დასარტყამი ინსტრუმენტები, მაგრამ ყურადღებას მაინც ხვიჩა მასწავლებელზე ვამახვილებთ, იმდენად გრანდიოზულია მისი მიდგომა და ტაქტიკა, მე რომ ხვიჩას მოსწავლე ვიყავი, წარმოიდგინეთ, რა რესურსს, რა შრომას და გამოცდილებას მივიღებდი. რა თქმა უნდა, ისწავლება, ქართული გალობა, ქართული მრავალხმიანობა. ჩვენთან ძალიან სპეციფიკურად ისწავლება ყველა ეს ჟანრი.

ჩვენ როდესაც ვასწავლით ფოლკლორს და მრავალხმიანობის შეგრძნებას ვაძლევთ მოსწავლეებს, შემდეგ, უკვე გადავდივართ ალტერნატიულ მუსიკაზე. ალტერნატიულ მუსიკაზე იმიტომ გადავდივართ, რომ ეს ჩვენი განძი, რაც არის, მივაწოდოთ იმ ფორმით და იმ სახით, რომ ეს ყველასათვის მისაღები იყოს. ჩვენ არ ვაფუჭებთ და ძალიან ფრთხილად ვუდგებით ფოლკლორის საკითხს, რადგან ეს არ არის სათამაშო და ამის აღება ასე ადვილად არ შეიძლება, რადგან იქ ერთი ელემენტარული დრამატურგია რომ დაირღვეს, აღარ არის ის, რაც უნდა იყოს და ჩვენ შემდეგ, ამაზე პასუხისმგებლები ვიქნებით. ძალიან ფრთხილად, ძალიან ნაზად და ძალიან პატივისცემით ვეკიდებით ჩვენს ფოლკლორს.

გვყავს მოყვარულების ჯგუფიც.

არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უყვართ ჩემი შემოქმედება, ჩემს მიერ შესრულებული სიმღერები და ამ სიმღერების სიყვარულით მოდიან და ზუსტად ამ სიმღერების სწავლა უნდათ.

ძალიან ბევრი საერთაშორისო კონკურსი იმართება, თუმცა საქართველოს მხრიდან ხშირად არის სიმღერების არასწორი შერჩევა. სამომავლოდ, თუ განიხილავ, რომ შენი სტუდიის რომელიმე მოსწავლე წავიდეს კონკურსზე და წაიღოს ფოლკი, რომელიც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წარმატებული იქნება ჩვენთვის?

აუცილებლად განვიხილავ, რადგან თამამად და ამაყად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სტუდია ხელწამოსაკრავი არ არის, იმიტომ, რომ ძალიან ღირებულ და ძალიან ფასეულ გამოცდილებას იძენენ ჩვენი მოსწავლეები. შესაბამისად, ძალიან დიდი შანსი და ალბათობაა, რომ გავიდეს ჩვენი მოსწავლე და სიამაყით ვიტყვი, რომ მაქვს ამის გეგმა.

ჩვენ რაც გვაქვს განსაკუთრებული, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი ფოლკლორი, ეს შეიძლება, ისე მასშტაბურად გაკეთდეს, თუნდაც ალტერნატიულ მუსიკასთან ერთად…

ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დაახლოებით ასეთ პროექტებში მონაწილეობენ და მიაქვთ მხოლოდ ალტერნატიული მუსიკა და სამწუხაროდ, ხდება რაღაცის დაკოპირება, მერე, რაღაცის გაკეთება და გატანა საქართველოს სახელით და ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს სახელზე, ყველა მოქალაქეს იმის პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის სახეზე ვიფიქროთ, ვიზრუნოთ და წინ და წინ წავიღოთ ჩვენი ქვეყნის სახელი. ჩვენ გვაქვს ის, რითაც ვამაყობთ და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება… რატომ არ აკეთებენ, ეს მეორე საკითხია…

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ძალიან პრესტიჟულ სცენაზე, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში იდგნენ შენს გვერდით. მოგვიყევი აღნიშნულ ღონისძიებაზე.

ამ გამოსვლამდე, მე სამი კონცერტი მქონდა ბაქოში და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ სამივემ ანშლაგით ჩაიარა. აზერბაიჯანში ძალიან უყვართ ჩემი შემოქმედება და პრაქტიკულად, მთელს აზერბაიჯანში ისმის ჩვენი სიმღერები.

ამ სამმა კონცერტმა რომ ჩაიარა, შემდეგ, დაამატეს მეოთხე კონცერტი, ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში, რომელმაც ასევე ანშლაგით ჩაიარა.

12 ადამიანისგან შედგებოდა ბენდი, ანსამბლი „თაობა“.

ნამდვილად ბედნიერებაა, როცა ადამიანს არ ესმის შენი ენა, მაგრამ უყვარს შენი სიმღერები…

მე ვფიქრობ, რომ ეს უდიდესი გამარჯვება, პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ზოგადად, ხელოვნებას ენა არ გააჩნია.

როგორც ვიცი, ოთხმა ტელევიზიამ გადაიღო აღნიშნული ღონისძიება… თუ აპირებთ, რომ „იუთუბ“ არხზე ატვირთოთ კადრები?

კი, ახლა ვმუშაობთ ზუსტად ამ კონცერტზე… ძალიან დიდი პროექტია და დამუშავებას დრო და ენერგია სჭირდება, ამიტომ ეტაპობრივად მივყვებით და რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელშიც დაიდება და „იუთუბზეც“.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ანათებს“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა ეკუთვნის თეო ქუმსიაშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი ულამაზესი სიმღერა შექმნა. ეს ახლებური ვერსიაა. ბუნებრივია, ტექნოლოგია იხვეწება და ყველაფერს სჭირდება ახალი სიცოცხლის და ახალი სახის მიცემა. მინდა, რომ კიდევ და კიდევ უკვდავყო ჩვენი თეოს სახელი.

სხვათა შორის, ბაქოში კონცერტზე შესრულდა. ვუყურებდი ადამიანებს და ძალიან ბევრს ცრემლი მოსდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდნენ ენა.

ვისაუბროთ ყაზახეთის და ჩინეთის იმ მასშტაბურ მუსიკალურ პროექტებზე, სადაც ჟიურის წევრი იყავი, როგორ აღმოჩნდი აღნიშნულ პროექტში?

ეს ძალიან საინტერესოდ მოხდა. მე და მაიკო, ჩემი პროდიუსერი ვიყავით სტუდიაში, ვმუშაობდით და მოვიდა ჩემი ახლობელი ადამიანი, რომელიც არის თურქმენეთიდან და მთხოვა, რომ საქართველოში ამა თუ იმ მომღერლისთვის გამეწია რეკომენდაცია, თუ რომელს შეეძლო პროექტში მონაწილეობა. ეს პროექტი გახლავთ „Silk way star“, სადაც ყოველთვის 12 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ეს არის ჩინეთის ლიდერის და ყაზახეთის ლიდერის ერთობლივი პროექტი.

ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და არა მხოლოდ ჩემი რეკომენდაციით, ბევრის რეკომენდაციით დავასახელეთ ავთანდილ აბესლამიძე, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი, მომღერალია. შემოთავაზება იყო, რომ მეც წავსულიყავი ჟიურის სტატუსით. ბუნებრივია, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან ნაკლები გამოცდილება მქონდა ამ სფეროში. მაიას ვეუბნებოდი, მოდი, არ წავიდეთ-მეთქი, რადგან არ არის ჩემი სფერო და ყოველთვის მიჭირს ხელოვანი ადამიანების შეფასება, იმიტომ, რომ ყველა ინდივიდუალურია, უნიკალურია და ყველას თავისი დამახასიათებელი ნიშა აქვს. მათი დაჟინებული მეგობრული თხოვნით წავედი.

რამდენად მკაცრი ჟიური იყავი?

ამბობენ, რომ ძალიან კრიტიკული ჟიური ვარ და ამან კიდევ რაღაც ნიუანსები გამოიწვია ყაზახეთში. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ობიექტური ვყოფილიყავი და ასეც იყო და ასეც იქნება შემდეგშიც.

როდის მიიღე შემოთავაზება ჩინეთიდან?

ყაზახეთის პროექტის მსვლელობისას, ჩემს გვერდით იყო ადამიანი, ჟიურის წევრი, რომელიც ჩინეთს წარმოადგენდა. საოცარი ადამიანია, უაზროდ განათლებული, უაზროდ ნიჭიერია ხელოვნების სფეროში და როგორც მე მიყვარს ჩემი ქვეყნის კულტურა და ჩემი ქვეყნის ფოლკლორი, ისე უყვარს მას თავისი კულტურა და თავისი ქვეყნის ფოლკლორი და ჩვენი გზები და ხაზები ასე გადაიკვეთა. ეს ზუსტად მისი რეკომენდაციით გადაწყდა. ჩვენ გარდა იმისა, რომ ხელოვნებაში ერთმანეთს გადავეკვეთეთ, დავმეგობრდით კიდეც და ალბათ, ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემი ჩინეთში წასვლა.

ჩინეთში გაცილებით მასშტაბური და გრანდიოზული იყო პროექტი და გაცილებით რთული ეტაპი იყო ყველასთვის, როგორც ჟიურის წარმომადგენლებისთვის, ისე კონკურსანტებისთვის. ხელოვნების ქარცეცხლი იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის გარდა, იყო კოლაბორაცია ჩინელ მუსიკოსებთან…

რაც საამაყოა ყველაზე მეტად და რომ არ მოგატყუოთ, ჟიურის წევრის სტატუსზე მეტად, ზუსტად ის მინდოდა, რომ მეჩვენებინა, თუ რამხელა ძალა აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ტრადიციულ სიმღერებს.

ეს სიმღერა, მე რაც შევასრულე, არის თეო ქუმსიაშვილის და წარმოიდგინეთ, თეო ქუმსიაშვილის სიმღერაზე შეიქმნა ახალი მუსიკა ჩინური ნაციონალური ინსტრუმენტებით და ჩემი ვოკალით, ჩინელ მუსიკოსებთან ერთად. მე როგორც ვიცი, ისტორიას არ ახსოვს, საქართველოს და ჩინეთის ისტორიაში ასეთი ფორმის კოლაბორაცია.

როგორი იყო მსმენელის რეაქცია?

ყოველთვის მიწევს ამ თემაზე საუბარი და არ მიყვარს ხოლმე ხმამაღლა, სანამ თვითონ ადამიანი არ ნახავს ამ ყველაფერს, რადგან არის ხოლმე სიტუაცია, როცა შემსრულებლები რაღაცას ამტკიცებენ და ის არ არის… მე ვიცი, რომ იქ დამსწრე საზოგადოებას, პროდიუსერებს, ოპერატორებს ცრემლები მოსდიოდათ და აქედან გამომდინარე, ალბათ, მიხვდებით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათ გულებში, სულებში, რამხელა დონით იმოქმედა ჩვენი თეოს სიმღერით ამხელა პროექტს რომ შევეჭიდეთ. ეს ადვილი არ იყო, ეს იყო ურთულესი პროცესი, თუმცა მე ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა.

მე რა მისიაც მქონდა, გავაკეთე, ჩემი ქვეყნის სახელი, კულტურა და სიყვარული ჩავიტანე და ვაჩვენე…

ჩინეთში საქართველოს წარმოადგენდა თათია კობალაძე, რომელიც ძალიან კარგი გოგოა, ძალიან კარგად მღერის და ძალიან კარგად გაართვა თავი.

როგორია სამომავლო გეგმები, როდის გაახარებ ქართველ მსმენელს?

ქართველ მსმენელს 25 ოქტომბერს გავახარებ ზუსტად ამ კოლაბორაციით. მე ყოველთვის ვამბობ, რომ პირველ რიგში ჩემი ქართველი მსმენელი მიყვარს, რადგან თუ რაიმე დამსახურება გამაჩნია ცხოვრებაში, თუ ხელოვნების კარი გავაღე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ქვეყნის დამსახურება… ამიტომაც ვნერვიულობ და განვიცდი, როგორ მიიღებს მაყურებელი ჩემთვის ამ გენიალურ ნაშრომს.

დათო კენჭიაშვილი – ინათებს (Live)

დათო კენჭიაშვილი – ჯეირანი (Live)

გადაცემის აუდიოჩანაწერი

დათო კენჭიაშვილი & თაობა – შენმა სურვილმა დამლია. Live

დათო კენჭიაშვილი – არხოტის ცასავით. Live

დათო კენჭიაშვილი. “პრემიერა თაკოსთან”

googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980658245-0'); });
googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980585780-0'); });
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები