რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფი ბანერი სტუმრობდა. გადაცემაში ნამუშევრის „ზაფხულის სიმღერა“ პრემიერა შედგა.
უკეთ გაგვაცანით თქვენი ჯგუფი.
ნიკა: ბაჩო ამანათაშვილი არის ბენდის დრამერი და კომპოზიტორი. ძირითადად მე და ბაჩო ვწერთ სიმღერებს, რა თქმა უნდა, დანარჩენი წევრებიც იღებენ მონაწილეობას. ვერიკო ფილიშვილი, ჩემი მეუღლე არის ჩვენი ვოკალისტი. ნინო ქობალია, ბაჩოს მეუღლე ჩვენი პიანისტია. დავით მიდელაშვილი არის ბასისტი.

რატომ სახელწოდება „ბანერი“?
ნიკა: სახელი, ალბათ, მოდერნ ჟღერადობით არის, რადგან ბანერებზე ხდება დღეს უამრავი საინფორმაციო ნიშნულის გამოტანა, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ფუძე, სიტყვა ბანი, რომელიც ქართულ სიმღერაში ძალიან აქტიურად ჟღერს. „ბანერი“ ფაქტობრივად გამოდის ჯგუფი, რომელიც ბანს წარადგენს მსმენელის წინაშე.
ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ეთნო მუსიკა და დროთა განმავლობაში დავიწყებთ ამ კომპოზიციების გამოტანას.
რამდენი ხანია, რაც ბენდი არსებობს და როგორ შეიქმნა ის?
ბაჩო: პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ერთი ოჯახივით ვართ. ბენდი დაახლოებით ერთი წელია, რაც დავიწყეთ. იდეა ჩემი და ნიკასი იყო. ცალ-ცალკე ვაკეთებდით მე ჩემს მუსიკას, ნიკა თავისას და ერთმანეთის მუსიკა ისე გვიყვარს, იმდენად მივიღეთ და გავითავისეთ, რომ გადავწყვიტეთ, რომ ბენდი გაგვეკეთებინა. შემდეგ, ჩვენი მეუღლეებიც შემოგვიერთდნენ.

როგორ თანხმდებით მუშაობის პროცესში, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა?
ნინო: საბოლოო ჯამში, მაინც ვთანხმდებით… მუსიკის შექმნის პროცესში ერთმანეთს ვეკითხებით აზრს და საბოლოოდ, გამოდის ის, რაც გამოდის.
როგორ მიდის ბენდის შემოქმედება, სადმე თუ მოღვაწეობთ?
ნიკა: ორი კონცერტი უკვე გვქონდა. ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ გამოვიტანოთ სააშკარაოზე ჩვენი მუსიკა. ჩვენი სტილი, რაც ძალიან მნიშვნელოანია ჩვენთვის, ეთნო მუსიკაზეა დაფუძნებული, როცა საავტორო კომპოზიციებზეა საუბარი, მაგრამ სხვადასხვა ჟანრი გვაქვს, გვაქვს ინგლისური სიმღერები, მრავალფეროვნებაზე ვფიქრობთ.
ვერიკო: პროგრამა მართლა ძალიან მრავალფეროვანია და დიდი გეგმები გვაქვს.
თქვენს მუსიკალურ განათლებაზეც, რომ მოგვიყვეთ, რა გზა გაიარეთ, სანამ ბენდი „ბანერი“ შეიქმნებოდა.
ნიკა: დიდი ბაბუა, ბაბუაჩემი, მამაჩემიც წერდნენ სიმღერებს და ასეთი ოთხი თაობის მუსიკალური გარემო იყო ჩემთან. შემდეგ, კლასიკა, სხვადასხვა მიმართულებები შევისწავლე გიტარაზე. ერთი პერიოდი, საფრანგეთში წავედი და იქ ჯაზის აკადემია დავამთავრე.
ბაჩო: მეც ხელოვანი ადამიანის ოჯახში დავიბადე, მამაჩემი მხატვარი, ფერმწერია. მე ბავშვობიდან ვუკრავდი დასარტყამებზე, შემდეგ, სხვადასხვა ინსტრუმენტი ვცადე. მივედი იქამდე, რომ მუსიკალურ სკოლაში შევედი და დავამთავრე. შემდეგ, იყო კონსერვატორია, მეც ჯაზის ფაკულტეტი დავამთავრე.
ვერიკო: მთელი ცხოვრება ძალიან მიყვარდა მუსიკა, ბავშვობიდან დავდიოდი ფორტეპიანოზე და ვმღეროდი, მაგრამ მერე იყო წყვეტა და სხვანაირად წავიდა ყველაფერი. მერე, ღვთის ნებით, მოხდა ისე, რომ ისევ დავიწყე სიმღერა.
ნინო: მეც დავამთავრე შვიდწლედი, მერე, ხელოვნების სკოლაში გავაგრძელე სწავლა, მერე, მინდოდა კონსერვატორია, მაგრამ ბაჩოსთან რომ გადაიკვეთა ჩემი გზა, ბავშვები, შვილები და სხვანაირად წავიდა…

რომელ ხმის ჩამწერ სტუდიაში იწერება თქვენი ნამუშევრები?
ნიკა: სახლში მოვაწყვეთ ყველაფერი, მთელი აპარატურა, რაც საჭიროა და იქ ვმუშაობთ. ფაქტობრივად, ოჯახური სტუდიაც გვაქვს.
მოგვიყევით ნამუშევარზე „ზაფხულის სიმღერა“.
ნიკა: სიმღერა ფაქტობრივად 5 თვეა, რაც დაიწერა. ეს არის ზაფხულის სიმღერა, როცა თინეიჯერი ახალგაზრდები, მაგალითად, ბათუმში შეიძლება, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, გაჩნდეს მათ შორის სერიოზული მიზიდულობა და ა.შ. , მაგრამ ეს მომენტი ბოლოს სხვა ჭრილში გვაქვს განხილული. ერთი შეხედვით, ბოლო ტექსტამდე სანამ მიხვალ, შეიძლება, გეგონოს, რომ ეს არის გასართობი სიმღერა, მაგრამ ბოლოს ტექსტი არის ისეთი, რომ უფლის ჩარევით ეს ახალგაზრდული მიზიდულობა შეიძლება, რომ გადაიზარდოს ძალიან კარგ რამეში, რასაც ჰქვია ოჯახი, ბავშვები.
ჯგ. ბანერი – ზაფხულის სიმღერა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯგ. ბანერი – საქათმეში შეპარულა მელა. Live
ჯგ. ბანერი. “პრემიერა თაკოსთან”