LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთმა არასასურველი სარეკლამო ზარები აკრძალა

119
ქირიას NEWS შაბლონი (4)

საფრანგეთში არასასურველი სარეკლამო სატელეფონო ზარები აიკრძალა. 2026 წლის 11 აგვისტოდან კომპანიებს მომხმარებლებთან კომერციული შეთავაზებებით ტელეფონზე დაკავშირება წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ შეუძლიათ. ახალი წესის მიზანი მოქალაქეების დაცვაა არასასურველი ზარებისა და აგრესიული ტელემარკეტინგისგან.

ახალი რეგულაციით, კომპანიამ მომხმარებლისგან წინასწარ უნდა მიიღოს მკაფიო და ინფორმირებული თანხმობა, თუ მას სარეკლამო მიზნით ტელეფონით დაკავშირება სურს. თანხმობის მიღება შესაძლებელია, მაგალითად, პროდუქტის შეძენისას, მაღაზიაში ვიზიტის დროს ან სპეციალური ფორმის შევსებისას. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია თანხმობის გაუქმებაც.

გამონაკლისი მოქმედებს იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი უკვე არის კონკრეტული კომპანიის მომხმარებელი და ზარი მოქმედ კონტრაქტთან დაკავშირებულ შეთავაზებას ეხება. მაგალითად, კომპანიას შეუძლია მოქმედ კლიენტს დამატებითი პროდუქტი ან მომსახურება შესთავაზოს, თუ ეს არსებული ხელშეკრულების საგანთან არის დაკავშირებული.

სარეკლამო ზარებისთვის კვლავ მოქმედებს კონკრეტული საათებიც. კომპანიებს მომხმარებლებთან დაკავშირება მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 13:00-მდე და 14:00-დან 20:00-მდე შეუძლიათ. შაბათ-კვირასა და უქმე დღეებში ასეთი ზარები აკრძალულია.

მომხმარებლის თანხმობის გარეშე განხორციელებული ზარი უკვე დარღვევად ითვლება. არალეგალური ზარისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა შეიძლება 75 ათას ევრომდე, ხოლო კომპანიისთვის ან ქოლ-ცენტრისთვის – 375 ათას ევრომდე იყოს.

ოფიციალური მონაცემებით, ახალი წესების ამოქმედებამდე სატელეფონო რეკლამა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მომხმარებელთა გამოკითხვებისა და პარლამენტის ანგარიშის მიხედვით, არასასურველი სარეკლამო ზარები ფრანგების 97%-ს აღიზიანებდა.

ახალი წესებით შეიცვალა მიდგომაც: თუ ადრე მოქალაქეს საკუთარი ნომრის სპეციალურ სიაში – Bloctel-ში დამატება სჭირდებოდა არასასურველი ზარების შესაჩერებლად, ახლა პრინციპი საპირისპიროა – კომპანიამ თავად უნდა მიიღოს მომხმარებლის წინასწარი თანხმობა. Bloctel-ის სისტემა 11 აგვისტოდან გაუქმდა.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი რეგულაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს აგრესიულ ტელემარკეტინგს და მოქალაქეებს არასასურველი კომერციული შეთავაზებებისგან დაიცავს. დარღვევების შემთხვევაში მომხმარებლებს ჩივილი სპეციალური სახელმწიფო პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები