LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში რადიკალური დიზაინის ელექტრომობილებს გამოუშვებენ

128
ქირიას NEWS შაბლონი (2)

საუდის არაბეთმა საკუთარი ავტომობილების წარმოების ახალი ეტაპი დაიწყო – ადგილობრივმა კომპანია Ceer-მა პირველი ელექტრომობილები წარადგინა. Exobot-ის სახელით წარმოდგენილი მოდელები სედანისა და კროსოვერის სახით გამოვა და უჩვეულო, ფუტურისტული დიზაინით გამოირჩევა. სერიული ავტომობილების მიწოდება მომხმარებლებისთვის 2027 წლის დასაწყისში იგეგმება.

Exobot-ის დიზაინზე მუშაობდა რობ მელვილი, რომელიც McLaren-ის ყოფილი მთავარი დიზაინერია და ისეთი მოდელების შექმნაში მონაწილეობდა, როგორებიცაა McLaren P1, 720S, Senna და Artura. Ceer-ის ინფორმაციით, ავტომობილების ექსტერიერი და ინტერიერი სპეციალურად ისე შეიქმნა, რომ ტექნოლოგიური და მომავლის სტილის შთაბეჭდილება დაეტოვებინა.

სალონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალი 48 დუიმიანი ციფრული ეკრანია, რომელიც საქარე მინის ქვემოთ თითქმის მთელ სიგანეზეა გადაჭიმული. საჭის ნაცვლად კი ავტომობილებს შტურვალის ტიპის მართვის მოწყობილობა აქვთ.

ტექნიკური მონაცემებით, ორივე Exobot-ს ორი ელექტროძრავა ექნება, რომელთა ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 850 ცხენის ძალაა. სედანის 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 2,6 წამი, კროსოვერისას კი 2,9 წამი დასჭირდება. 112 კილოვატსაათიანი ბატარეა დაახლოებით 560-670 კილომეტრის სავალ მარაგს უზრუნველყოფს, ხოლო 10%-დან 80%-მდე დამუხტვას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება.

სედანის სიგრძე 5,26 მეტრი იქნება, კროსოვერის – დაახლოებით 5,02 მეტრი. ორივე ავტომობილი საჰაერო საკიდარს მიიღებს, ხოლო კროსოვერის კლირენსი 240-დან 300 მილიმეტრამდე რეგულირდება, რაც მის არასტანდარტულ დიზაინთან ერთად უდაბნოს პირობებში გადაადგილების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

Exobot Ceer-ის სამომავლო გეგმის მხოლოდ პირველი ნაწილია. კომპანია 2030 წლამდე სულ შვიდი მოდელის გამოშვებას გეგმავს, მათ შორის ელექტრომობილებს, ჰიბრიდებსა და შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გარკვეულ ვერსიებსაც. პირველ ეტაპზე ავტომობილების გაყიდვა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე იქნება ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები