სლოვენიამ ლაშქრობა და ალპინიზმი ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად ოფიციალურად აღიარა. ისინი იმ ტრადიციების ჩამონათვალში შევიდა, რომლებიც სლოვენიის კულტურულ იდენტობასა და თაობებს შორის გამოცდილების გადაცემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება მხოლოდ მთაში ასვლას არ მოიცავს. სიაში შედის სამთო კლუბების საქმიანობა, ახალგაზრდული პროგრამები, გიდებთან ერთად ორგანიზებული ლაშქრობები, სამთო ბანაკები, საფეხმავლო მარშრუტების მოვლა, მთის თავშესაფრები და ალპინიზმთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების თაობიდან თაობაზე გადაცემა.
სლოვენიას იულიუსის და კამნიკ-სავინის ალპებში საფეხმავლო ბილიკებისა და მთის თავშესაფრების ფართო ქსელი აქვს. მარშრუტების მოვლაში მოხალისეები აქტიურად მონაწილეობენ – ქვეყანაში დაახლოებით 1000 ადამიანი ზრუნავს ბილიკების მონიშვნაზე, მათი მდგომარეობის შემოწმებასა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.
სლოვენიაში სამთო მოძრაობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი განვითარება ჯერ კიდევ 1893 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში სპეციალური ასოციაცია შეიქმნა. მოგვიანებით სლოვენიელმა ალპინისტებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს, განსაკუთრებით ჰიმალაის ექსპედიციებში მონაწილეობით.

ალპინიზმის კულტურა სლოვენიაში ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული სამთო-სამაშველო სამსახურთან, სამეცნიერო კვლევებთან და მთებთან დაკავშირებული წიგნების, ფოტოების თუ დოკუმენტური ფილმების შექმნასთან. გამოცდილი ალპინისტები ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს, არამედ მთაში ქცევის ეთიკურ პრინციპებსაც გადასცემენ.
სლოვენიისთვის მთები ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ ლაშქრობა და ალპინიზმი მხოლოდ სპორტი ან დასვენების ფორმა აღარ არის – ეს კულტურული ტრადიციაა, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აკავშირებს და თაობებს აერთიანებს.
სლოვენიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ალპინიზმთან ერთად სხვა ტრადიციებიც შედის, მათ შორის ველიკა-პლანინას რეგიონის ტრადიციული ყველის წარმოება, ქაღალდის ყვავილების დამზადება, ზარების ხელობა და ხის მოხატვა.