Toyota-მ Land Cruiser-ის თემატიკით ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ლიმიტირებული კოლექცია გამოუშვა. იაპონური ავტომწარმოებლის მარკეტინგულ პროექტებზე პასუხისმგებელმა Toyota Conic Pro-მ ამერიკულ ბრენდ Danner-თან თანამშრომლობით სპეციალური სერია შექმნა, რომელიც ლეგენდარული ყველგანმავლის დიზაინითა და სტილით არის შთაგონებული.
კოლექცია სახელწოდებით Land Cruiser Official Items იაპონიაში 16 ოქტომბერს გაიყიდება. პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება Toyota-ს ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიებში, შერჩეულ დილერებთან და Danner-ის სავაჭრო წერტილებში. ფასები 1320-დან 39 600 იენამდე მერყეობს, რაც დაახლოებით 9-დან 250 დოლარამდეა.

კოლექციის მთავარი ნაწილი Danner Field R-ის ორი სპეციალური ვერსიაა. ფეხსაცმელი წყალგამძლე ტყავისგან არის დამზადებული და აღჭურვილია Gore-Tex-ის მემბრანით, Vibram-ის ძირითა და Ortholite-ის საფენებით.
შავი Urban ვერსია ვერცხლისფერი დეტალებით Land Cruiser 200-ის დიზაინითაა შთაგონებული. მისი ფასი 39 600 იენია, რაც დაახლოებით 250 დოლარს შეადგენს. მეორე, ოქროსფერი Overland-ი კი კლასიკური Land Cruiser 60-ის ორფერიან ვიზუალს და გვერდით დეკორატიულ ზოლებს იმეორებს და იგივე ფასად იყიდება.

კოლექციაში მხოლოდ ფეხსაცმელი არ შედის. მომხმარებლებს ასევე შესთავაზებენ მოკლე და გრძელმკლავიან მაისურებს, რომელთა ფასი დაახლოებით 42-55 დოლარის ფარგლებშია, წინდებს დაახლოებით 8 დოლარად..
ზოგიერთ ტანსაცმელსა და აქსესუარს ექსკლუზიური ფერები აქვს, რომელთა შეძენაც მხოლოდ Toyota-სა და Danner-ის გაყიდვის არხებით იქნება შესაძლებელი. სპეციალური ვაფლის ქსოვილის თერმული მაისურების გაყიდვა კი ნოემბრის დასაწყისში დაიწყება.

ეს Land Cruiser-ის თემატიკაზე შექმნილი პირველი ასეთი კოლექცია არ არის. Toyota-ს უკვე აქვს ოფიციალური lifestyle ხაზი, რომლის იდეაც ავტომობილის „ყველგან წასვლის“ კონცეფციის ტანსაცმელსა და აქსესუარებში გადატანაა. 2026 წლის ზაფხულში კოლექციას დაემატა Land Cruiser FJ-ის დიზაინით შექმნილი მაისურები, კეპები, ჩანთები და სხვა ნივთებიც.
Toyota-სა და Danner-ის ახალი კოლექცია ამჯერად უფრო პრაქტიკულ მიმართულებაზეა ორიენტირებული და Land Cruiser-ის გამავლობის ხასიათს ყოველდღიურ ტანსაცმელსა და აღჭურვილობაში აერთიანებს. გაყიდვები ჯერჯერობით მხოლოდ იაპონიაშია დაანონსებული.