2026 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე მეტი პატენტის განაცხადი Toyota-მ გამოაქვეყნა. კომპანიის ანგარიშზე წლის დასაწყისიდან 2 389 პატენტია, რაც მას ყველაზე აქტიურ კომპანიად აქცევს. მონაცემებს მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაზე (WIPO) დაყრდნობით CarBuzz ავრცელებს.
Toyota-ს თითქმის არ ჩამორჩება გერმანული BMW, რომელმაც ამავე პერიოდში 2 350 პატენტი დააგროვა. მესამე ადგილზეა Mercedes-Benz – 2 050 პატენტით, მეოთხეზე კი სამხრეთკორეული Hyundai, რომლის მაჩვენებელიც 1 983 პატენტს შეადგენს.
პირველ ხუთეულს Stellantis ასრულებს – 1 502 პატენტით. შემდეგ მოდიან Volkswagen – 1 026, Porsche – 932, Honda – 919, Nissan – 713 და Ford – 362 პატენტით.
ამ ფონზე შედარებით დაბალია Audi-ს მაჩვენებელი – კომპანიამ წლის დასაწყისიდან 199 პატენტი გამოაქვეყნა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩება JLR-ის 210 პატენტსაც და ოდნავ აღემატება Rivian-ის 146 პატენტს. Audi-ს ხელმძღვანელობას ადრე ჰქონდა გაცხადებული მიზანი, ბრენდის ტექნოლოგიური ინოვატორის სტატუსის გაძლიერება ინტელექტუალურ საკუთრებაში ინვესტიციების გაზრდით, თუმცა ახალი ტექნოლოგიების საპატენტო პროცესი შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს.

Toyota-ს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საინტერესო პატენტი ავტომობილის გარეთ არსებული ობიექტების ავტომატურად გადაღებას ეხება. სისტემა სალონში დამონტაჟებული კამერის საშუალებით აკვირდება მძღოლის მზერის მიმართულებასა და თავის პოზიციას. შემდეგ, ხმოვანი ბრძანების ან საჭეზე არსებული ღილაკის გამოყენებით, ავტომობილის გარე კამერები მძღოლის მიერ არჩეულ ობიექტზე – მაგალითად, იშვიათ ავტომობილზე, სარეკლამო ბილბორდზე ან გზისპირა ღირსშესანიშნაობაზე, ავტომატურად ფოკუსირდება.
მთლიანობაში, პატენტების რაოდენობა ავტომწარმოებლების ტექნოლოგიური აქტივობის ერთ-ერთი მაჩვენებელია, თუმცა ის ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა დაპატენტებული იდეა უკვე სერიულ ავტომობილებში გამოიყენება. ამასთან, Toyota-ს, BMW-სა და Mercedes-Benz-ის მიერ წლის დასაწყისიდან გამოქვეყნებული პატენტების რაოდენობა 2 000-ს აჭარბებს.