1960 წლის Dodge Dart, რომელიც წლების განმავლობაში ღია ცის ქვეშ, ტყეში იდგა, ახლა ახალი მფლობელის ძიებაშია. კლასიკური ავტომობილი მძიმე მდგომარეობაშია და სრულ რესტავრაციას საჭიროებს, თუმცა მისი შეძენა სულ რაღაც 2 995 დოლარად არის შესაძლებელი.
საქმე ეხება Dodge Dart Pioneer-ს, რომელიც 1960 წელს ბრენდის საშუალო დონის კომპლექტაციას წარმოადგენდა. იმ პერიოდში Dart-ის ოჯახში სამი ვერსია არსებობდა – Seneca, Pioneer და უფრო მდიდრულად აღჭურვილი Phoenix.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი დღეს აღარ დადის, მისი ძრავი შედარებით საინტერესო დეტალია. VIN-ის მიხედვით, კონკრეტული ეგზემპლარი 5.2 ლიტრიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი და ძრავის განყოფილების ფოტოებიც მიუთითებს, რომ ეს აგრეგატი შესაძლოა კვლავ ავტომობილში იყოს. გამყიდველის ინფორმაციით, ძრავი დაახლოებით ოთხი წლის წინ ჯერ კიდევ მუშაობდა, თუმცა ამჟამად ავტომობილი აღარ იქოქება.
Dodge Dart-ს გარეთ გატარებულმა წლებმა სერიოზული კვალი დაამჩნია. კორპუსზე და განსაკუთრებით ძარას ქვედა ნაწილში ჟანგის მნიშვნელოვანი დაზიანებებია, ამიტომ ავტომობილის გზაზე დაბრუნებამდე პრაქტიკულად სრული რესტავრაცია იქნება საჭირო. ამასთან, მანქანა შედარებით ხელუხლებელ მდგომარეობაშია და ბევრი ორიგინალი დეტალი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს.

1960 წლის Dart-ის მოდელი Dodge-ისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იყო. ავტომობილი სამ სხვადასხვა ვერსიად გამოდიოდა, ხოლო მომხმარებლებისთვის მისი მთავარი უპირატესობა ხელმისაწვდომ ფასთან ერთად საკმაოდ დიდი ზომა და იმ პერიოდისთვის თანამედროვე დიზაინი იყო.

ამ კონკრეტული ავტომობილის გაყიდვა eBay-ზე მიმდინარეობს. ფასი 2 995 დოლარიდან იწყება, თუმცა გამყიდველი ასევე თანახმაა სხვა შეთავაზებების განხილვაზე. ავტომობილს საკუთრების დამადასტურებელი სრული საბუთი არ მოჰყვება და მისი ტრანსპორტირებაც მყიდველის პასუხისმგებლობაა. მანქანა აშშ-ში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ ჰარტფორდში მდებარეობს.

მიუხედავად სავალალო მდგომარეობისა, კლასიკური ავტომობილების მოყვარულებისთვის ეს Dodge საინტერესო შენაძენია – იშვიათი შანსი, აღადგინონ 60-იანი წლების დასაწყისის ამერიკული ავტომობილი და წლების განმავლობაში მიტოვებულ მანქანას მეორე სიცოცხლე აჩუქონ.